მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოპულიზმზე, ადამიანების ემოციებზე აგებულმა კამპანიამ დიდი ინვესტიციები დაგვაკარგვინა ენერგეტიკაში“ - ირაკლი ჟვანია

644d7708187f5
ალა ისპირიანი
29.04.23 23:55
838
აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ BMGTV-ის გადაცემა წერტილში საქართველოში საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. მას პასუხი არ აქვს, რატომ ექცევა ხელისუფლება ინვესტორებს ისე, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან მიყენებულ ზიანზე დავობენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში საქართველოს მთავრობის მიმართ მოთხოვნილი კომპენსაციის საერთო მოცულობა 6,735,568,440 ლარს შეადგენს.

ირაკლი ჟვანიას მოსაზრებით, ხელისუფლება ბიზნესში არ უნდა ერეოდეს და ის მსხვილი პროექტები, რომელშიც ინვესტორებმა დიდი ინვესტიცია განახორციელეს, არ უნდა გაჩერებულიყო.

„ვისურვებდი სწრაფი და მასშტაბური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. სასამართლოს გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ მდგრადობაც არ გამოვა იმის გარეშე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ საბოლოოდ როგორი ქვეყანა გვინდა შევქმნათ - გვინდა შევქმნათ ჰაბი, სადაც ადამიანური რესურსი და ბიზნესიც გაიზრდება, თუ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც მუდმივად გარე ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. გვაქვს ცალკეული ინიციატივები, რომლებმაც გაგრძელება არ ჰპოვა, ამის მაგალითია ანაკლიის პორტი , ეს პროექტი დავკარგეთ და ხუთი წლის შემდეგ დავიწყეთ საუბარი, რომ მთავრობის ძალისხმევით ავაშენებთ.

მთავრობა ნაკლებად უნდა ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში, რადგან როცა კერძო სექტორი ძალიან დიდი ინვესტიციას დებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტში და ამას ვაჩერებთ და მერე ხელისუფლება იწყებს იმ პროექტს, ეს არის ზუსტად ის, რაც არ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება იქცეოდეს ასე ხელისუფლება? - ის ამბობს რომ პასუხი არ აქვს , მაგრამ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების ზრდა იმის ფაქტია, რომ რაღაც სწორად არ კეთდება.

„პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ალბათ მეორე მხარეს უნდა წარმოვადგენდე. არის შემთხვევები, როცა სხვა მიზეზები გადაწონის ხოლმე იმას, რაც რეალურად უნდა გავაკეთოთ. იგივე ჰესთან დაკავშირებულ საკითხზე, ადამიანების ჯგუფმა საპროტესტო აქცია დააანონსა და საბოლოოდ ამან დიდი ინვესტიციის დაკარგვა გამოიწვია. აქ რეალობა ის იყო, რომ ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა რა პროექტი ხორციელდებოდა და პოპულიზმზე, ადამიანების ემოციებზე აგებულმა კამპანიამ, საბოლოოდ ენერგეტიკაში დიდი ინვესტიციები დაგვაკარგვინა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები