მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლურ ბაზრებთან საქართველოს დაახლოება, ინვესტორებში რწმენას ზრდის - გიორგი ციკოლია

Leneat

ტექკომპანია Lineate-ს რეგიონალური დირექტორის გიორგი ციკოლიას მოსაზრებით, დასავლურ ბაზრებთან საქართველოს დაახლოება ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, ინვესტორებისთვის საქართველოდან სხვა ბაზრებზე გასვლა განვითარების ერთ-ერთი გზაა, რაც მათ აინტერესებთ.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61%-ით ნაკლები შემოვიდა. მთლიანად კი სამი კვარტლის განმავლობაში FDI-მ 1.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. გიორგი ციკოლია ამბობს, რომ წამყვანი დარგები რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან, ამ ინდუსტრიებში ინვესტიციების ჩადება გრძელდება. აღნიშნულს კი იმით ხსნის, რომ მაგალითად წინ წავიდა ტექნოლოგიური ინდუსტრია და შედარებისთვის მიმდინარე და გასული წლები მოჰყავს, როდესაც აღნიშნული მიმართულება ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა.

„წლების წინ ბევრს ვმსჯელობდით, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს ტექმომავალი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა ამ ინდუსტრიაში ამდენად დიდი ტრანსფორმაციის მოხდენა“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რამ მისცა სტიმული ამ ყველაფერს, მან უპასუხა, რომ ყველაფერმა ერთად.

„პირველი სტარტაპ საქართველოს ღონისძიება, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა, ვესწრებოდი და მახსოვს ჩვენი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მათთვის იქ უცხო გარემო იყო და რაოდენობრივად ასევე ჩანდა, რომ ეს ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა. დღეს რომ გადახედოთ, როცა კომპანიები კალიფორნიაში ჩადიან, კარგად ჩანს რამდენად სწორად აქვთ დანახული თავიანთი კომპანიების განვითარება - ეს ადამიანური რესურსი არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც საქართველოს გააჩნია. ამის გარდა არის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამ კომპანიებს აქვთ.

ეს იმას განაპირობა, რომ შიგნით შესაბამისი გარემო შეიქმნა, ასევე რუსეთ-უკრაინის ომმა ცვლილებები შემოიტანა გლობალურ ეკონომიკაში და განსაკუთრებით ტექინდუსტრიაში. საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო კომპანიების და მათ შორის ამერიკულის, დღეს ალბათ ისტორიულ მაქსიმუმზეა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, რაც საქართველოში FDI-ის შემოსვლას აფერხებს, მან რამდენიმე ფაქტორი დაასახელა:

“ბაზრის ზომა, მუშახელი, გეოგრაფია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა და ამავდროულად მუდმივად გრძელვადიანი დაგეგმარების პრობლემას ქმნის - ეს ყველაფერი ერთობლიობაში და ეკონომიკის ზომა. ამასთან, მგონია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად შესაძლებლობები იზრდება და ჩვენი დაახლოება დასავლურ ბაზართან ინვესტორებში დამატებით რწმენას იძლევა, რომ ჩვენ დიდი ბაზრის ნაწილი გავხდებით“, - განაცხადა მან.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოდის

კომპანიები, რომლებშიც ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო - რეიტინგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები