2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია.
მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. მათ შორის მოხვდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აზარტული თამაშების, საინჟინრო, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიები. საგულისხმოა გარემოება, რომ ინვეესტორი კომპანიების ჩამონათვალში შევიდა "ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალიც", თუმცა ეს კომპანია სინამდვილეში არა ინვესტორს, არამედ სახელმწიფოს მსხვილ კონტრაქტორს წარმოადგენს და ის რიკოთის მაგისტრალს აშენებს.
კომპანიის დასახელება | საქმიანობა (NACE 2) | ინვესტორი ქვეყანა |
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი | დამამუშავებელი მრეწველობა | ნიდერლანდები |
შპს მაგთიკომი | ინფორმაცია და კომუნიკაცია | აშშ |
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური | ტრანსპორტი და დასაწყობება | დანია |
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | ესპანეთი |
სს ბიჯეო ჯგუფი | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | გაერთიანებული სამეფო |
შპს ენთეინ ჯორჯია | ხელოვნება, გართობა და დასვენება | მალტა / გაერთიანებული სამეფო |
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | ნიდერლანდები |
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი | ტრანსპორტი და დასაწყობება | აზერბაიჯანი |
შპს ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი (პეტროკას) | ტრანსპორტი და დასაწყობება | ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი |
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი | მშენებლობა | ჩინეთი |
დეტალური სტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების გასტუმრებამ განაპირობა, რამაც 603 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად ინვესტიციების შემომავალი და გამსვლელი ნაკადები ასე გამოიყურებოდა:
- ინვესტიციები სააქციო კაპიტალში - 590 მილიონი დოლარი;
- რეინვესტიციები - 329 მილიონი დოლარი;
- სავალო ვალდებულებების მომსახურება - -603 მილიონი დოლარი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, სავალო ვალდებულებების მომსახურება ამ მასშტაბის არცერთი სხვა წლის განმავლობაში არ ყოფილა.