მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

64aaa6dc66e4f
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.23 16:20
1080
გთავაზობთ გასული კვირის 3-9 ივლისის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1) გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინეს, სასამართლომ მას 2.5 მილიონის გირაო შეუფარდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. საქმე 8,253 ბიტკოინის მითვისებას შეეხება, რასაც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას ბაჩიაშვილის ქმედებების შედეგად მიადგა.

6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

2) გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის დაშინებას ცდილობენ, საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებულია

“ჩემს კლიენტს პირადად ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სოციალურ ქსელში პოსტებისთვის ფასს გადაიხდიდა,” - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა „ფორმულას“ განუცხადა.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური მედიის პოსტების და განცხადებების შემდეგ, რომელიც ჩემმა კლიენტმა გააკეთა, მას დაუკავშირდნენ და სასტიკად დააშინეს და უთხრეს, რომ ის ფასს გადაიხდის არამხოლოდ ამ კომენტარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც იყო დანახული ჩემი კლიენტის პროდასავლური კომენტარებიდან“, - აღნიშნა ამსტერდამმა.

ადვოკატის განცხადება უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

3) ივნისში საქართველოში ინფლაციამ 0.6% შეადგინა, რაც ბოლო შვიდი წლის მინიმალური მაჩვენებელია

ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. სურსათის ფასების სამომხმარებლო ჯგუფში ცვლილება წლიურ ჭრილში 0%-ს შეადგენს, ხოლო ტრანსპორტსა და ჯანდაცვაში ფასების კლება ფიქსირდება.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4) კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტზე აუქციონები გამოაცხადა

საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონები გამოაცხადა. კომისიის ინფორმაციით, თითოეული სალიცენზიო სიხშირე სარეალიზაციოდ 5%, 20% და 80%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს და ამჟამად მობილურ ოპერატორების მხრიდან მოელიან შეასაბამის დაინტერესებას, რათა მომხმარებლისთვის ახალი თაობის მობილური ინტერნეტის შეთავაზება იყოს შესაძლებელი.

გამოცხადებული 4 აუქციონიდან სამის პრიობებით, ოპერატორმა MVNO-ს სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია 5G-ის მეშვეობით ვირტუალური ოპერატორების შემოყვანას გეგმავს.

უფრო ვცრლად წაიკითხეთ.

5) “სილქნეტი” და “მაგთი” 5G აუქციონის პირობებს აკრიტიკებენ, შესაძლოა მათ მონაწილეობაზეც თქვან უარი

კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში 5G სიხშირის მობილური ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით აუქციონები გამოაცხადა. კომკომის სხდომაზე ამ აუქციონების პირობები გააკრიტიკა “სილქნეტის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. საქმე იმაშია, რომ გამოცხადებული 4 აუქციონიდან 3-ის პირობების მიხედვით, მისმა შემძენმა 5G ქსელის დანერგვასთან ერთად ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს.

გიორგი რამიშვილის განმარტებით, ამ სახით დაყენებული პირობით, კომუნიკაციების კომისია არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.

სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ არსებული პირობებით კომპანია აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.

“დღევანდელი შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო ჩვენი აუქციონში მონაწილეობა. თუმცა, ისე ვამთავრებთ შეხვედრას, რომ გეტყვით რომ ამ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ძალიან ცუდია, რომ ამ შედეგამდე მივედით, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის,”- განაცხადა ლევან გიორგაძემ.

BMG-იმ 5G აუქციონთან დაკავშირებით კითხვით მიმართა “სელფისაც”, კომპანიის პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.

6) ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს სესხების აღებისთვის IMF-ის ნებართვა ესაჭიროება

საპარტნიორო ფონდი ახალი სტარტისთვის ემზადება. ორგანიზაციას რამდენიმე თვეში სახელი შეეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება. სახელის ცვლილების მიუხედავად, უცვლელი დარჩება ფაქტი, რომ ამჟამად ფონდს არც ახალი პროექტების დაფინანსება და არც ახალი ვალების აღება არ შეუძლია. ამას საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს.

BMG-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით შეეძლება თუ არა რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ახალი ვალების აღება და პროექტების დაფინანსება - სამინისტროს განმარტებით, ამას IMF-ის თანხმობა ესაჭიროება.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

7) რთველის სუბსიდირების პროგრამა წელსაც გაგრძელდება - ბიუჯეტი 60 მილიონია

2023 წლის რთველის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მორიგი სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად ემზადება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი.

თანხობრივად წელს სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირებულია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო, წელს კი ის 67 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დამატებითი სუბსიდიის საჭიროებას დაინახავს, აღნიშნული ბიუჯეტი რთველის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

8) მოგების გადასახადის ესტონური მოდელი შესაძლოა, ინდმეწარმეებზეც გავრცელდეს

ფინანსთა სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დასაბეგრი ობიექტთა ბაზა ფართოვდება. საუბარია ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც დღეს კლასიკური მოდელით იბეგრებიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა.

„მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური მეწარმეები შესაძლებელია გადავიდნენ დაბეგვრის იგივე პრინციპზე, რომლითაც იბეგრებიან საწარმოები, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება დაბეგვრა, როცა მოხდება მათი პირადი მიზნისთვის გამოყენება მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში,”- ამბობს ბარათაშვილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, როდის ამოქმედდება რეფორმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, თუმცა გაანალიზებულია ფისკალური ეფექტი, რაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ბაზის გაფართოებას მოჰყვება. 100 მლნ ლარი - ეს არის თანხა, რაც ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტს დააკლდება.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

9) საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი 2026 წლამდე აიკრძალა

საქართველოდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი 3 წლით, 2026 წლის 1 მაისამდე აიკრძალა - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის განმარტებით, კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირება მოხდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს.

წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი - 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

10) ჩირინამ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა

ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეს ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნავს.

„ჩირინას“ ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და აწარმოებს ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ხორცისგან. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 35 მილიონი ლარია.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ: მოსახარში და შესაწვავი სოსისი, სარდელი, ძეხვი საექიმო, ძეხვი სერველატი, შაშხი, შებოლილი ქათმის ნაჭრები, დამარინადებული ქათმის პროდუქცია, ნაგეტსი, შნიცელი, კოტლეტი და სხვა.

ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. წარმოებას საკმაოდ დიდი მასშტაბი გააჩნია - დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები