მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი, რობერტ ამსტერდამი წარსულში მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი იყო

64ad2b0819614
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.23 14:37
585
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდების ფარგლებში, თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებს იურისტი რობერტ ამსტერდამი იცავს. ის საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის მმართველი პარტნიორია. ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამსტერდამმა აღნიშნა, რომ 40-წლიან სამართლებრივ პრაქტიკაში არ შეხვედრია ისეთი დაუსაბუთებელი ბრალი, როგორიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ არის წარდგენილი.

2003 წელს რობერტ ამსტერდამი იმ დროს რუსეთში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის უფლებადამცველი გახდა. ხოდორკოვსკი კომპანია იუკოსის საქმეზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაპირისპირება მოხდა.

ხოდორკოვსკის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით იყო აღძრული. სასამართლოს მეშვეობით, ის პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა, რუსეთის მთავრობამ კი მისი 21 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობკომპანია Yukos-ის ექსპროპრიაცია მოახდინა.

რობერტ ამსტერდამის როლი ხოდორკოვსკის პროცესში მოიცავდა ექსპერტებისა და იურისტების მრავალეროვნული გუნდის დაქირავებას და ზედამხედველობას, რომლებსაც დაევალათ სახელმწიფო ბრალდების გაქარწყლება, მთავრობის მიერ იუკოსის ექსპროპრიაციის შეტრიალება და ხოდორკოვსკის ციხიდან გათავისუფლება. ამსტერდამმა და საერთაშორისო იურიდიულმა გუნდმა აღნიშნულ პერიოდში შეიმუშავეს საჯაროობის სტრატეგია, რათა საჯაროდ დაენახვებინათ ბრალდების აბსურდულობა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოეხდინათ ლობირება ბიზნესმენის გათავისუფლებისთვის.

პირველი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ამსტერდამი რეგულარულად გამოდიოდა რუსულ და საერთაშორისო ტელევიზიებში, სადაც მან მკაცრად დაგმო რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებები, რასაც მოჰყვა თავად ამსტერდამის დაკავება რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ და იძულებითი გაძევება ქვეყნიდან 2005 წელს. მომხდარის შემდეგ ამსტერდამმა განაგრძო ხოდორკოვსკის დაცვა საზღვარგარეთიდან. ფირმა ასევე პასუხისმგებელი იყო ხოდორკოვსკის და იუკოსის აქციონერების სახელით რამდენიმე სამართალწარმოების წარმართვაზე ევროპის როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ევროპის ენერგეტიკული ქარტიის არბიტრაჟში.

საბოლოოდ, მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წელს გაათავისუფლეს. 2021 წელს კი მან რუსეთის ფედერაციას იუკოსის საქმეზე $50-მილიარდიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები