მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობერტ ამსტერდამი: რაც დღეს ვნახე, ზიმბაბვესთვის, უგანდასთვის და ყველა ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნებოდა

ამსტერდამი

გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი, რობერტ ამსტერდამი ამბობს, რომ ის, რაც ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხდება სამარცხვინოა და დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ამსტერდამმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს, ოთხჯერ გადადების შემდეგ, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

„45 წელია ადვოკატი ვარ, მაგრამ გეტყვით, რომ რაც დღეს ვნახე, ზიმბაბვესთვის, უგანდასთვის და ყველა ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნებოდა. არ მჯერა, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ სპექტაკლის გაგრძელებას დაუშვებდა. ამას სასულთნო უნდა ვუწოდოთ და არა დემოკრატია. ძალიან მარტივად, ის, რაც დღეს ვნახეთ, წარსულის ძველი თამაშები იყო, რომლითაც ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სასამართლოს წინაშე აყენებენ. ამ ქვეყანას არ ექნება მომავალი, თუ ივანიშვილისნაირი ადამიანები ასეთ ადამიანებს სასამართლოს გადასცემენ“, - თქვა რობერტ ამსტერდამმა.

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო. თავად ბაჩიაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. როგორც მან დღეს განაცხადა, ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავს საქმეს განხილვაში არც კი მიიღებდნენ.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები