მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი სამარცხვინო დღეა - გიორგი ბაჩიაშვილი

სასამართლო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე „ქართული მართლმსაჯულებისთვის მძიმე და სამარცხვინოა“. ამის შესახებ ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს, ოთხჯერ გადადების შემდეგ, სასამართლო პროცესი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავს საქმეს განხილვაში არც კი მიიღებდნენ.

„დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი ძალიან მძიმე და სამარცხვინო დღეა, იმიტომ რომ გრძელდება ეს უსამართლო პროცესი, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. არც ერთ ცივილიზებულ, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში, მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა მიღებული განხილვაზე“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები