მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პროცესზე იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში - ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშილი

"კრიპტოვალუტის საქმეზე" დღეს საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მედიასთან პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წარადგინა ჩანაწერი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება და სადაც ნათლად ჩანს, რომ საუბარია სესხზე. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიურომ "ვერ იცნო მისი და ივანიშვილის ხმა ჩანაწერში", თუმცა ჩანაწერი თავად ბრალდებულმა გერმანიაში, მისი თქმით კვალიფიციურ ბიუროში გადაგზავნა.

„დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უბრალოდ, სასაცილოა ეს დოკუმენტი, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი მონტაჟს იყო დაქვემდებარებული და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ არიან მოსაუბრეები.

რაც შეეხება ამ ჩანაწერის რეალური, კვალიფიციური ბიუროს მიერ შეფასებას, ჩვენ ეს ჩანაწერი გადავგზავნეთ გერმანიაში, ჩამოსული იყო გერმანელი სპეციალისტი, რომელიც იკვლევს ამ ჩანაწერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება პასუხი უკვე რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა, ივანიშვილის "კანტორისგან". ჩანაწერის შინაარსი არის ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10 წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადი არის, რომ საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს, რომ დახმარება გამიწიოს „ქართუ“ ბანკში სესხის მიღებაში. აქ, არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას და მათ ჩვენებებს, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა მისცა მეორე ჩვენება, რაც შეიტყო და გაეცნო ამ ჩანაწერს, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი,პრინციპში, სწორია და ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს, რომ ჩანაწერში ასახული არის პრეისტორია. ანუ ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოველაპარაკეო, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო და მერე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა, რომ მე გავმხდარიყავი ინვესტორი და ამის შემდეგ, მე გავხდი ინვესტორიო. ანუ პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს და საპირისპირო გამოდის”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ძალიან მარტივად დადგინდა შემდეგი რამ, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი.

თუმცა, პასუხი არ გასცა მედიის კითხვას, კონკრეტულად ვინ იყო ექსპერტი. მისი თქმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„პროცესზე გამოკვლეულ იქნა ყველა წერილობითი და ელექტრონული ინფორმაცია, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს. მის საბოლოო შეფასებას, ბუნებრივი, დასკვნით სიტყვაში წარმოვადგენ. ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის არაკეთილსინდისიერებას, სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რაც მას ოფიციალურ ურთიერთობაში აქვს დაფიქსირებული, წერილობითი ფორმით და საბოლოო ჯამში, მის დამნაშავეობას ადასტურებს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნა ძალიან მარტივად დაეფუძნა, როგორც არსებულ საკვლევ მასალას, ასევე გამოყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფა. ძალიან მარტივად დადგინდა შემდეგი რამ, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება. გავიმეორებ, ზოგადად მსგავსი შეფასებები ეფუძნება არა კონკრეტულად ექსპერტის შეფასებას, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ ემპირიული მასალის საფუძველზე ხდება მსგავსი საკითხების დადგენა”, - განაცხადა სადრაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სასამართლო დავის ერთ-ერთი მოწმე იქნება. როდის დაიკითხება თურნავა ჯერ ისევ უცნობია.

როგორ გაჩნდა ბაჩიაშვილის საქმეში თურნავა და რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ქართუ" 200,000 ლარით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები