საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სასამართლო დავის ერთ-ერთი მოწმე იქნება. საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინ, საქმეში გაჩნდა ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა “ქართუ ბანკი” 200,000 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ 2015 წელს გიორგი ბაჩიაშვილზე გაცემული კრედიტით “ქართუმ” ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ ეროვნული ბანკის ბრძანების რიგი მუხლები დაარღვია.
BMG-ის მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს უჩივლა, მარეგულირებელი ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დეტალებით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ უტა ივანიშვილის კუთვნილმა “ქართუ ბანკმა” დაკავშირებულ მხარესთან ოპერაციების ნორმა დაარღვია იმ საკრედიტო შეთანხმებით, რომელიც 8 წლით ადრე გიორგი ბაჩიაშვილზე გაიცა. სებ-ის მიერ “ქართუ ბანკის” დაჯარიმების ბრძანება გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს, ეს კი იმის მიუხედავად, რომ ბაჩიაშვილს “ქართუ ბანკის” მენეჯმენტთან შეხება არ ჰქონია და ბანკის მიერ კრედიტის გაცემა/არგაცემის საკითხს ის არ წყვეტდა.
რას ედავება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილი?
ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილს 9000 ბიტკოინს ედავება, რომელთა ღირებულებაც ამჟამად 900 მილიონი დოლარია. საქმე უკავშირდება 5 მილიონი დოლარის კრედიტს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ 2015 წლის ივლისში “ქართუ ბანკისგან” აიღო. მსესხებელი აღნიშნავს, რომ სესხი მან როგორც მოვალემ სრულად გაისტუმრა, ბიძინა ივანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს თანხა არა - კრედიტს, არამედ მისი, როგორც ინვესტორის შენატანს წარმოადგენდა, რაც გიორგი ბაჩიაშვილს მისთვის არ დაუბრუნებია. თავის მხრივ, ბრალდებული ირწმუნება, რომ საკრედიტო შეთანხმება ბანკ “ქართუსთან” გაფორმდა და ის ჩვეულებრივი სესხის სახეს ატარებდა, რომელიც მან სრულად დაფარა. შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაჭიროებოდა სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით და ვინაიდან მას საკუთარი თანამონაწილეობის გარდა, არ ჰქონდა სხვა უზრუნველყოფა, მარტივი არ იყო ბანკში სესხის აღება. დიდი ხნის საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან ბიძინა ივანიშვილს "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში დახმარება სთხოვა.. ადვოკატის ინფორმაციითვე, საბოლოოდ, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში ბანკ "ქართუსგან", 1 წლის ვადით, აიღო სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით, წლიურ 12 პროცენტად.
“მხოლოდ 7 თვის მერე, საბანკო რეგულაციების გამო, 2016 წლის 1 მარტიდან 5 მაისამდე (2 თვე მოხდა კრედიტის უზრუნველყოფა ივანიშვილის მიერ), კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საბანკო რეგულაციის გამო. ამასვე ადასტურებს თავად ბატონი ივანიშვილი საკუთარი გამოკითხვის ოქმში“, - აცხადებდა ადვოკატი ლევან მახარაშვილი BMG-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში.
პროკურატურა კი დავობს, რომ ამ 5 მილიონი დოლარით კრიპტოვალუტების მაინინგში წარმატებით განხორციელებული ინვესტიციით მიღებული შემოსავალი სინამდვილეში ინვესტორის - ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და არა - გიორგი ბაჩიაშვილის. ამასთან, 2023 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენისას პროკურატურა ზარალს 8,500 ბიტკოინად აფასებდა, თუმცა ამჟამად სადავო თანხად პროკურატურა 9,000 ბიტკოინს უთითებს.
როგორ გაჩნდა ივანიშვილი-ბაჩიაშვილის საქმეში ნათია თურნავა და რატომ დააჯარიმა „ქართუ“ 200,000 ლარით 8 წლის წინ გაცემული სესხის გამო?
როგორ გაჩნდა ნათია თურნავა ბაჩიაშვილი-ივანიშვილის ე.წ. “კრიპტოვალუტის საქმეში“? - ამ და სხვა კონკრეტული კითხვებით BMG-მ ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა და პასუხების მიღებისთანავე, სტატიას განვაახლებთ, თუმცა იქამდე მოგიყვებით, რისი გარკვევაც შევძელით.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, საქმეში გამოჩნდა ნათია თურნავას წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა მედიიდან შეიტყო ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის დავის შესახებ, მარეგულირებლმა „ქართუ ბანკიდან“ მხარეებს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება და აღნიშნული კრედიტის [ბიძინა ივანიშვილის] დეპოზიტით უზრუნველყოფის დოკუმენტი გამოითხოვა.
"საქმეში არსებული მასალების თანახმად, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ქართუ ბანკიდან“ მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ თურმე გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ „ქართუდან“ სესხი კი არ აიღო, არამედ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. ამგვარად, ნათია თურნავამ შეითავსა მოსამართლის ფუნქცია და დაადგინა, ვინ იყო ინვესტორი. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი მხრიდან შუამდგომლობა, რომ ის აუცილებლად უნდა დაკითხულიყო", - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
როგორც BMG-მ გაარკვია, საქმის მასალების თანახმად, ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის აგვისტოში ბანკ "ქართუს“ მიერ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიისთვის მიცემული 5 მილიონის სესხი დაკავშირებულ მხარესთან [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ეკუთვნის „ქართუ ბანკი] ტრანზაქციად ჩათვალა, რაც თავის დროზე ბანკმა მარეგულირებელთან არ შეათანხმა და ამის გამო, 2023 წლის სექტემბერში ანუ თურნავას თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვეში, ეროვნულმა ბანკმა "ქართუ", დაახლოებით, 200,0000 ლარით დააჯარიმა.
კერძოდ, “ქართუ ბანკი“ ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
მუხლი 6. დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები
მე-7 პუნქტი: დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში.
მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე
მე-2 პუნქტი: ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი კომერციული ბანკის ან/და შვილობილი კომერციული ბანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.
თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ “ქართუ ბანკში“ აღებული არაუზრუნველყოფილი, 5 მლნ დოლარის სესხის ბიძინა ივანიშვილის დეპოზიტით უზრუნველყოფა "ქართუ ბანკს" აუდიტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა და ამას „ქართუ ბანკის“ წარმომადგენლებიც და ბიძინა ივანიშვილიც გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ.
„საქმე ის არის, რომ გარკვეული ლიმიტის ზემოთ არაუზრუნველყოფილი სესხები უნდა დარეზერვდეს, ამიტომ ჩემი კრედიტის ბიძინა ივანიშვილის დეპოზიტით უზრუნველყოფა თავად „ქართუ ბანკს“ სჭირდებოდა, რათა მარეგულირებლის სარეზერვო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა ანუ „ქართუმ“ სებ-ს გაუგზავნა ჩემი სასესხო ხელშეკრულება (სასესხო ხელშეკრულებაში არ ეწერა არაფერი გირავნობაზე), და ასევე გირავნობის ხელშეკრულება, სადაც ეწერა, რომ სესხს, გაცემიდან 9 თვეში, 45 დღით ბიძინა ივანიშვილის დეპოზიტის გარანტია დაედო. აღსანიშნავია, რომ გარანტიის დადებაზე და არც მოხსნაზე ჩემთვის არავის შეუტყობინებია, რის გამოც ეს ქმედება ყოველგვარ დაშვებულ საბანკო რეგულაციას სცილდება. მსესხებელს ხომ უნდა შეატყობინო?! თუმცა მე რომც მცოდნოდა, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა. მეტიც, პირველი დღიდან ბიძინა ივანიშვილი ჩემი თავდები რომც ყოფილიყო, რა ლოგიკით უნდა ჩაითვალოს ბიძინა ივანიშვილი ინვესტორად?! კანონში არის ჩანაწერი, რომ თავდებობა არ ნიშნავს, რომ სესხი შენია“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
როდის დაიკითხება ბაჩიაშვილი-ივანიშვილის საქმეზე ნათია თურნავა?
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხება. ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ როგორც BMG-ის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, „სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მზად არის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარდგეს სასამართლოს წინაშე და ყველა არსებულ კითხვას კომპეტენციის ფარგლებში უპასუხოს.
აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას დაკითხვის შუამდგომლობა გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც მისი თქმით, საქმეში გაჩნდა „ახალი დოკუმენტი ნათია თურნავას ხელმოწერით“.
5 თებერვალს სასამართლომ ბიძინა ივანიშვილიც დაკითხა, ოღონდ - დისტანციურად
დღეს, 5 თებერვალს „კრიპტოვალუტის საქმეზე“ ბიძინა ივანიშვილიც დაკითხეს, ოღონდ დისტანციურად და თან დახურულ ფორმატში. სასამართლოს სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით, კომერციული საიდუმლოების საფუძვლით, დაიხურა.
ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა არცერთ კითხვას, რომელიც დეტალებს ეხებოდა, პასუხი არ გასცა.
"პროკურორის გამოკითხვის ნაწილი მიმდინარეობდა ძირითადად მონოლოგის რეჟიმში, ანუ სულ რამდენიმე კითხვა იყო და ძირითადად ბიძინა ივანიშვილი ჰყვებოდა ამ ისტორიის თავისებურ ვერსიას. რაც შეეხება ჩვენ მიერ საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, ივანიშვილმა ყველას თავი აარიდა. მან ზოგადად თქვა, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო და მას არ ევალებოდა არანაირი დეტალის ცოდნა ამის შესახებ, თუმცა მან დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, კონტრაქტი, მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის არის ინვესტორი. [...] ვერც ერთ დეტალზე მან ვერ მოახდინა პასუხის გაცემა, უფრო სწორად, არ მოახდინა პასუხის გაცემა. როგორც კი მივდივართ საქმის დეტალებში და დოკუმენტებში, ყველგან თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო კრედიტი და არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს იყო მისი ინვესტიცია. შესაბამისად, ცხადია, ის თავს არიდებდა ყველანაირ დეტალურ კითხვაზე პასუხის გაცემას და ამას ამოტივირებდა იმით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციების, დიდი თანხების მფლობელია და მისთვის მილიონნ-ახევარი და ხუთი მილიონი სულაც არ არის ისეთი თანხა, რომ ამის შესახებ დეტალები ახსოვდეს“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმის აღძვრით დაემუქრა.
რა ემუქრება გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით ბრალი 2023 წლის ივლისში წარუდგინა, რაც 9-დან 12 წლმდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2023 წლის ივლისში საქმეზე ბაჩიაშვილს 2.5 მილიონიანი გირაო შეეფარდა და სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. საქმეზე პროცესი ფაქტობრივად გაყინული იყო და სხდომები არაერთხელ გადავადდა. არსებითი განხილვები 2025 წლის 23 იანვრიდან განახლდა.
ამასთან, არსებული მდგომარეობით, მოსარჩელე - ბიძინა ივანიშვილი უკვე სანქცირებულია და მას შვეიცარიულ ბანკში არსებული დეპოზიტი გაეყინა.
საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მისმა ადვოკატმა ივანიშვილის იურისტისგან მიიღო, როდესაც ივანიშვილი მას 5,000 ბიტკოინის სანაცვლოდ მორიგებას სთავაზობდა. ამასთან, ამავე წერილის მიხედვით თითოეულ თვეს როდესაც ბაჩიაშვილი ამ თანხას არ გადაიხდიდა, ძირს - 5000 ბიტკოინს ყოველთვიურად 500 ბიტკოინი დაემატებოდა. ამ წერილის მიღებიდან უკვე რამდენიმე თვე არის გასული. წერილის ნამდვილობა დაადასტურა ივანიშვილის იურისტმა თემურ წიქვაძემ, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ბაჩიაშვილთან მორიგებისთვის მზად იყო.