ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მკვეთრი ეკონომიკური აღმასვლა არ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან საზოგადოებისთვის უწყების მიერ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ივანე მაჭავარიანმა პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი სამოქმედო ნაბიჯები დაასახელა.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება 2021 წელსაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებად სავარაუდოა. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლებში ჩვენი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ, კერძოდ:
1. მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მიაღწია მშპ-ის 60%-იან ნიშნულ და აუცილებელია, მისი თანდათანობით შემცირება; ვალის შემცირების გზა ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია, 2022 წლიდან მისი რადიკალური შემცირება, რათა დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს;
2. ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად მისზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ის 8%-იან ნიშნულზე;
3. საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, აუცილებელია, გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი;
4. აუცილებელია, ფისკალური რისკების მინიმიზაციაც, მათ შორის გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე შესაძლო რისკების თავიდან აცილება;
5. აუცილებელია, განხორციელდეს საწარმოების კომპლექსური რეფორმა; დღეს სახელმწიფო საწარმოების ნაწილი ფისკალური რისკების მატარებელია. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო საწარმოები გახდნენ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.




























