მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„50%-იანი ზრდა თუ იქნება, ეს სექტორს წაადგება“- გაძვირდება თუ არა ტექინსპექტირება?

შიოლაშვილი

ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, საკითხზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

შიოლაშვილი განმარტავს, რომ 5 წლის წინ დაწესებული ტარიფით, მოქმედ კომპანიებს სერვის ცენტრების გადაიარაღება და კადრების შენარჩუნება უჭირთ.

„უკვე 5 წელია ეს რეფორმა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისთვის კომპანიებს სჭირდებათ გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ეს გარკვეულია გამოწვევაა, გარკვეული ინვესტიციის ჩადების საჭიროება დგას ცენტრების მხრიდან. პრობლემაა ისიც, რომ მაღალია პერსონალის გადინების მაჩვენებელი. პირველადი ინსპექტირების საფასური არ შეცვლილა და მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს გადაიხედება.

მიმდინარე წლიდან როგორც გახსოვთ განმეორებითი ტექინსპექტირება გახდა ფასიანი, თუმცა იმდენად შემცირებულია წარდგენის მაჩვენებელი, რომ მთლიანობაში შემოსავლის 5%-ზეა საუბარი, რაც ცხადია არასაკმარისია აღნიშნული ხარჯებისთვის. 50%-იანი ზრდა თუ იქნება, ვფიქრობთ, რომ ეს პირველ ეტაპზე წაადგება სექტორს. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს, ზუსტად როდიდან იქნება ამას ვერ გეტყვით. პრობლემები დღის წესრიგშია და ჩვენ ამ პრობლემებს ვაყენებთ, ველოდებით გადაწყვეტებს.“ - აღნიშნა შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, 2023 წელს 12%-მდე გაიზარდა ტექინსპექტირების რაოდენობა, რაც რაოდენობაში 800 ათასი მანქანის შემოწმებას ნიშნავს.

„2022 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ 10-12%-იანი ზრდა გვაქვს პირველად ინსპექტირებებზე. ვფიქრობ, ამის განმაპირობებელია ის ადმინისტრირება რაც იქნა მიღებული გამონაბოლქვის კონტროლის თემაზე. საუბარია 800 ათასს ინსპექტირებაზე და ვფიქრობ კიდევ მოიმატებს, წელს დაახლოებით 12%-იანი მატებით დავხურავთ.

სამიზნე მაჩვენებლები ცხადია შორს არის, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1,6 მლნ ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობა ისე გადაადგილდება, რომ ინსპექტირებას არ გადის. საბოლოო მიზანია, რომ მეტმა ავტომობილმა გაიაროს კონტროლი. მეტი საინფორმაციო კამპანია გვჭირდება იმისთვის რომ ეს აისახოს საგზაო უსაფრთხოებაზე, ეკოლოგიაზე და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

ამასთან, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები