მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1-ელი თებერვლის შემდეგ დახარვეზებული მანქანების რაოდენობა შემცირდა" - ტექინსპექტირების შედეგები

640eddf971c11
თათია ჩაფიჩაძე
13.03.23 12:42
749
მას შემდეგ რაც ავტომობილების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა, დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 40%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მძღოლები ინსპექტირებაზე გაცილებით მომზადებულები მიდიან, თუმცა ჯამურად მათი რაოდენობა წელსაც არ იზრდება.

„შემცირებულია დახარვეზების პროცენტი, თუკი 2022 წლის სტატისტიკით 40%-მდე იყო, მას შემდეგ რაც მეორე გასვლა ფასიანი გახდა, ავტომფლობელები უფრო მომზადებულები მიდიან ინსპექტირებაზე და მაჩვენებელმა 30%-მდე დაიკლო. ძირითადი დახარვეზების მიზეზი იყო მაშუქი ფარები, მსგავსი ტიპის პრობლემების დანახვა და გადაჭრა არ არის რთული, ამიტომ ცდილობენ წინასწარ მომზადებულები მოვიდნენ. სანამ უფასო იყო, მანამდე ტექინსპექტირებას ჰქონდა დიაგნოსტიკის სახე.

ვერ ვიტყვით, რომ ფასიანად გახდომის შემდეგ ტექინსპექტირების ცენტრების მდგომარეობა ფინანსურად შეიცვალა, ეს გარკვეული დადებითი ნაბიჯია, თუმცა არსებითად არ ასახულა.

სტატისტიკა იგივეა, რაც 2022 წელს იყო. 1 მილიონ 600 ათასი რეგისტრირებულ ავტომობილის ფონზე, ინსპექტირებას გადის 800 ათასი. ჩვენი მონაცემებით, მუდმივად გზებზე გადაადგილდება ისეთი 200 ათასი ავტომობილი, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ინსპექტირება. აღსრულება კვლავ პრობლემად რჩება, კვლავ არის პერიოდები, როცა არ იწერება ჯარიმები და ხდება ამით სარგებლობა. პარლამენტში არის შესული ცვლილებებზე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით გაუვლელობაზე ჯარიმების რაოდენობის გაზრდას და ველოდებით პლენარულ სხდომაზე მის დამტკიცებას.

რეფორმის მუშაობას სჭირდება ცნობიერების ამაღლება, უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო კამპანია და ამ პროცესში სახელმწიფოს დიდი როლი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია გამართული და უწყვეტი მონიტორინგი", - განაცხადა შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება 30 ლარი ღირს; დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარი, განმეორებითის კი 20 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები