დღეს, საგამოფენო სივრცე "ექსპო ჯორჯიაში" ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება "ექსპო ჯორჯიასა" და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
"ექსპო ჯორჯიას" დირექტორი რესან ქიქავა Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გამოფენაზე 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია იქნება წარმოდგენილი. საგამოფენო სივრცისთვის კი ეს ამ ტიპის პირველი ღონისძიებაა, რომელიც რამდენიმე მიზანს ემსახურება.
"50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საქმიანი შეხვედრები და თემატური განხილვები - ინდუსტრიის სრული ეკოსისტემა… დღეს ვხსნით ტრანსპორტირების და ლოგისტიკის პირველ საერთაშორისო გამოფენას და ფორუმს.
ეს არის "ექსპო ჯორჯიას" პირველი პროექტი ამ მიმართულებით და პირველი მსგავსი პლატფორმა ინდუსტრიისთვის.
სტარტაპია და ვნერვიულობ... მინდა, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ამ პროექტმა კომპანიებს წარმატება მოუტანოს.
• მულტიმოდალური გადაზიდვები
• დაზღვევა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები
• საწყობები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა
• მშრალი პორტი
• სისტემური და ციფრული მხარდაჭერა, ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
• ტვირთების დაზღვევაეს არასრული ჩამონათვალია.
პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს, პროექტის თანაორგანიზატორს - საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს, ყველა მონაწილე კომპანიას, გენერალურ სპონსორს TBC ბანკს, სპონსორებს და მხარდამჭერებს.
ევროპას და აზიას შორის ერთ-ერთი საკვანძო სატრანსპორტო და სავაჭრო გზის უზრუნველყოფა, საქართველოს ისტორიული იდენტობის ნაწილია.
თუკი რამ შეიძლება გვიქმნიდეს კონკურენტულ უპირატესობას როგორც ქვეყანას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ლოგისტიკური დერეფნის/ჰაბის ფუნქცია.
ამ მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის კონსოლიდაცია, ყველა ჩართული მხარის მხრიდან და ეს პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მადლობა თქვენც მხარდაჭერისთვის", - წერს ქიქავა.




























