ბოტსვანას პრეზიდენტმა, მოკვეცი მასისიმ, 1 ნოემბრის არჩევნებში დამარცხება აღიარა - კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის "ბოტსვანას დემოკრატიულმა პარტიამ", რომელიც ძალაუფლებაში 58 წელი იყო, ხმათა უმრავლესობა დაკარგა.
მის ნაცვლად ბოტსვანას პრეზიდენტად აირჩიეს 54 წლის იურისტი, დუმა ბოკო, რომელიც კოალიცია "ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის" ლიდერია. კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საჭირო 31 მანდატიც მოიპოვა.
მასისი ახლად არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით უკვე ესაუბრა, ჩანაწერი კი X-ის პლატფორმაზე განათავსა. ექსპრეზიდენტი ბოკოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესს ხვალიდანვე დაიწყებს, თუმცა მზად არის, ახალ პრეზიდენტს, საჭიროებისამებრ, კონსულტაციებიც გაუწიოს.
ახლად არჩეულ პრეზიდენტს შედეგების გამოქვეყნებიდან ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ პატარა აფრიკულ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მზარდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მოჰყვა, რის წინააღმდეგაც, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა იბრძოდა. ბოტსვანას დემოკრატიული პარტია ქვეყნის ხელისუფლებაში 1966 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რჩებოდა.
ბოტსვანას ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დარტყმა ბრილიანტის ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა: ძვირფასი ქვა ქვეყნისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, რომელზე მოთხოვნის შემცირებამაც ბოტსვანაში უმუშევრობის დონე 28%-მდე გაზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპოზიციურმა კოალიციამ პარლამენტში 32 მანდატი მოიპოვა, მმართველი პარტია კი, 4 კანდიდატს შორის, ბოლო ადგილზე გავიდა და მხოლოდ 4 მანდატი შეხვდა. ბოტსვანაში პრეზიდენტს პარლამენტი ნიშნავს.