საქართველოში აბონენტებს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე სამივე მსხვილი ოპერატორი მიაწვდის.
კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. კომპანიის მიერ შეძენილი ლოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორს სრული თანხის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შემდეგ 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება. დარჩენილი 70% კი კომპანიამ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, „სილქნეტი“ ვალდებული იქნება 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა.




























