კომუნიკაციების კომისიამ 5G ქსელის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა - აუქციონში საწყისი ფასი კომბინირებული ლოტისთვის 37.2 მილიონ ლარს შეადგენს და ის სხვადასხვა სიხშირეებს აერთიანებს. არსებული მდგომარეობით 5G ლიცენზიას უკვე ფლობს "სელფი მობაილი", რაც კომპანიამ 2023 წლის აუქციონით მოიპოვა. შესაბამისად, წელს აუქციონი ძირითადად "მაგთისა" და "სილქნეტისთვის" არის განკუთვნილი.
2023 წელს 5G ინტერნეტის აუქციონში მონაწილეობაზე უარი თქვეს "სილქნეტმა" და "მაგთიმ", რადგანაც აუქციონის პირობებით, 5G ინტერნეტის დამნერგავ კომპანიას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) დაშვებაც უნდა უზრუნველყო, რაც "მაგთის" და "სილქნეტის" მხრიდან აუქციონში მონაწილეობაზე უარის მიზეზად იქცა.
აუქციონის პირობები ასეთი იქნება:
"კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
კომუნიკაციების კომისიამ 5G აუქციონი 17 ლოტზე გამოაცხადა და 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები გამოიტანა. ასევე, გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებსაც ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი აქვთ. ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს აქვს არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნათ, რადგან ერთი მხრივ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, 5G ტექნოლოგიის დასანერგად განკუთვნილ ორივე კომბინირებულ ლოტზე კომპანიები MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევის შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 37,182,672 ლარია.
კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.
ცალკე მდგომი თითოეული ლოტის საწყისი საფასური ასე განისაზღვრა: 700 მჰც სიხშირულ ზოლში - 22,414,632 ლარი, 3410 – 3710 მჰც სიხშირულ ზოლში - 14,768,040 ლარი, 800 მჰც სიხშირულ ზოლში - 26,974,740 ლარი, 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში - 5,866,112 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში - 2,933,056 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში კონკრეტულ ლოტებზე - 1,466,528 ლარი და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში - 15,063,020 ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დოკუმენტაციის წარდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2024 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 18 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით 21 ოქტომბერს 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით 22 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 23 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.