როგორც წინა წლებში, დღესაც შრომის ბაზარზე ერთგვარი პარადოქსია. ქვეყანაში, სადაც 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით 228 ათასამდე ადამიანი უმუშევარია, შრომის მაძიებელი სამსახურს ვერ პოულობს, დამსაქმებელი კი შესაბამის კადრს.
ბოლო პერიოდში შრომის ანაზღაურება თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა, თუმცა ბიზნესს შესაბამისი კადრის მოძიება, შემდეგ კი მისი შენარჩუნება მაინც უჭირს. პრობლემა თითქმის ყველა სფეროში იდენტურია, თუმცა BAG ინდექსიც ცხადყოფს, რომ მესამე კვარტალის მდგომარეობით განსაკუთრებით დასაქმების ბარომეტრი გაუარესებულია მშენებლობის სექტორში.
დეველოპერული კომპანია “ინ ჯგუფის” თანადამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ანაზღაურების ზრდის მიუხედავად ფიზიკურად საჭირო კადრის შრომის ბაზარზე მოძიება შეუძლებელია.
“ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს, რაც გვქონდა შარშან, არაფერი შეცვლილა, პირიქით, მატულობს, რადგან დეველოპმენტში იზრდება მუშახელის მოთხოვნა და ახალი კადრი არ მოდის. პირიქით, ძალიან ბევრი ადამიანი რატომღაც ტოვებს საქართველოს მაშინ, როდესაც მაგალითად დეველოპმენტში 6000 ლარი არის საშუალოდ ხელზე ასაღები ხელფასი, მაგრამ მაინც კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა. ესენი არიან ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, კაფელის გამკვრელები, მღებავები და ა.შ.
3000-დან 4000 ლარამდე იღებენ ხელოსნები, რომლებსაც ხუთი-ექვსი თვის დაწყებული აქვთ მუშაობა და გაწაფული არ არიან, 2000 ლარი არის არაკვალიფიციური მუშახელის თვიური ხელფასი თვიური, რომელიც სამშენებლო ნარჩენის გატანით არის დაკავებული ან მასალების მიწოდებით სართულზე.
ჩვენ, როდესაც ქუთაისში სასრიალო მოედანი ავაშენეთ, ერთი მუშახელი ვერ ვიშოვეთ ქუთაისში. წარმოგიდგენიათ? ელექტრიკოსის გარდა, ყველას ჩაყვანა მოგვიწია თბილისიდან”,-აცხადებს bm.ge-სთან პაატა კოკაია.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორში მედიანური ხელფასი 1 943 ლარს შეადგენდა.




























