მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 აგვისტოდან, მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების მოდელის არჩევის უფლება ექნებათ

63ffab053dfd8
ალა ისპირიანი
02.03.23 00:00
10963
მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან, მოქალაქეები თავად აირჩევენ, სად დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება კანონში უკვე გაწერილია.

„კანონის მიხედვით, პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს უფლება აქვს მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში განახორციელოს ინვესტირება, რაც ასევე კანონითაა განსაზღვრული. როგორ უნდა განვახორციელოთ საინვესტიციო საქმიანობა პირდაპირ კანონშია დაწერილი და რეგულაციებს მივყვებით. მოგეხსენებათ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. 2023 წლის 6 აგვისტოდან, საპენსიო სისტემის მონაწილეებს უფლება ექნებათ, თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი დანაზოგები დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში განათავსონ. ამას 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს”, - განაცხადა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “წერტილის” წამყვანმა გიორგი დანელიას რამდენიმე დამატებითი კითხვა დაუსვა.

- მე, როგორც სქემის მონაწილემ რა უნდა გავაკეთო, რა პროცედურები უნდა გავიარო ჩემი საპენსიო დანაზოგის ინვესტირების მოდელის შერჩევისას?

- ჩვენი საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის მოდელის არჩევა მათ პირად ელექტრონულ გვერდებზე შეეძლებათ. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოვიდნენ საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლებში, სადაც დღეიდან ყველა ჩვენი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს ყველანაირ ტექნიკურ დახმარებას გაუწევთ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც 6 აგვისტოს ეს სერვისი ამოქმედდება, ერთის მხრივ? ავირჩევთ არსებული დანაზოგი სად გადანაწილდება და ასევე ავირჩევთ შემდეგი 1 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებული დანაზოგები რომელ პორტფელში გადანაწილდეს.

- 6 აგვისტოდან როდესაც მე შევალ ჩემს პირად ელექტრონულ გვერდზეც აქ არჩევანი უბრალოდ დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებზე მხვდება თუ კიდევ უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის გაგება შემიძლია, სად ვაბანდებ?

- მაგალითად, დაბალრისკიანი პორტფელი ლიმიტებს გულისხმობს, სად რამდენი შეგვიძლია დავაბანდოთ… განსხვავება ნაკლებად რისკიან და მაღალრისკიან პორტფელს შორის არის ლიმიტებს შორის სხვაობა. მაგალითად, დაბალრისკიან პორტფელში თუ აქციებში ინვესტირება ნაკლები დოზით შეგვიძლია, მაღალრისკიანში უფრო მეტი შეგვიძლია განვახორციელოთ, რაც იმას გულისხმობს, რომ უფრო მეტი ფული ჩავდოთ საერთაშორისო აქციებში. ეს განსხვავება იქნება პორტფელებში, რაზეც თქვენ, სქემის მონაწილეებს ინფორმაცია გექნებათ და ამის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას.

- და თუ მოქალაქეს არ ექნება სურვილი, თავად განსაზღვროს, რომელ პორტფელში უნდა ინვესტირება, ასეთ დროს რა ხდება?

- კანონის თანახმად, რისკიანობის მიხედვით გადანაწილდებიან ასაკის მიხედვით სქემის მონაწილეები და შემდეგ თქვენ უფლება გექნებათ, ნებისმიერ დროს არჩევანი შეცვალოთ და დანაზოგი სხვა პორტფელში გადაიტანოთ ან სხვანაირად გადაანაწილოთ.

ცნობისთვის: 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 476 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,268,836.39 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება იმას, სადაა საპენსიო დანაზოგები დაბანდებული, როგორც გიორგი დანელიამ თქვა, საპენსიო სქემის პორტფელის, დაახლოებით, 60% კომერციულ ბანკებში დეპოზიტზეა განთავსებული; 16% - სახაზინო ობლიგაციებში; 9% - უცხოურ ფასიან ქაღალდებში ანუ აქციებში; 8% - ამერიკულ სახაზინოებში; 5% - მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა; 0,8 არის სუვერენულ ობლიგაციებში და 0,1% კი, განთავსებულია კორპორაციულ ობლიგაციებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები