ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება და ერთი მმართველობითი ორგანოს შექმნა სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც ლევან სურგულაძემ BMG-ის განუცხადა, დღეს სააგენტოში არსებული ორი დამოუკიდებელი საბჭო პრაქტიკაში არაერთ პრობლემას ქმნის და მსგავსი მოდელი არ შეესაბამება საუკეთესო მმართველობით პრაქტიკას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთიან მმართველობით საბჭოში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება როგორც საინვესტიციო, ასევე რისკების მართვის კომიტეტი.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოსთვის სახელის ცვლილებას, ამ გადაწყვეტილებას ფინანსისტი არ იწონებს და აცხადებს, რომ ფონდი სრულად არ ასახავს იმ ფუნქციებს, რასაც სააგენტო ახორციელებს.
„ერთიანი მმართველი საბჭოს შექმნა ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა და ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, რადგან ორი სხვადასხვა საბჭო აბსოლუტურად არაინტეგრირებული მმართველობითი სტრუქტურა იყო და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა. ამ შემთხვევაში მმართველი საბჭოს შექმნაზეა საუბარი, რომელიც მინიმუმ 9, მაქსიმუმ 15 წევრისგან შედგება. ამასთან, ახალი კანონით შემოდის რისკის კომიტეტიც და პარალელურად საბჭოში დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტიც იქნება.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას, გაკეთდა შეფასებები რომ ფონდი კარგი ვარიანტია. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სააგენტო გაცილებით უფრო რეალისტური სახელია, რადგან სააგენტოს გაცილებით უფრო ფართო ფუნქციები აქვს, მათ შორის საპენსიო შენატანების მიღება, ადმინისტრირება, პენსიების გაცემა. ფონდი კი უფრო ვიწრო დანიშნულების სახელია. შესაბამისად, მე სახელის გადარქმევის საჭიროებას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, დღეს საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება. აღნიშნული საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ლიმიტების გაზრდას. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც, მაშინ როდესაც ამჟამად ამ კატეგორიის პორტფელის დანაზოგები მხოლოდ ფინანსურ აქტივებშია განთავსებული.