ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტომ მსხვილი პროექტები მხოლოდ ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით უნდა დააფინანსოს.
როგორც ლევან სურგულაძემ BMG-ის განუცხადა, საპენსიო თანხებით პირდაპირი ფორმით პროექტებში ინვესტირება უნდა გამოირიცხოს და შესაბამისი პირობები კანონმდებლობაშიც უნდა გაიწეროს.
მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ახალი საინვესტიციო პროექტებიც დაფინანსდეს.
“პირდაპირი ინვესტიცია როგორიცაა რომელიმე პროექტის წილში შესვლა ან პირდაპირ სესხის გაცემა გაუმჭვირვალე პროცესია. ეს საჯაროდ ვაჭრობადი ინსტრუმენტი არაა და გაუგებარია, როგორ დგება ფასი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის საინვესტიციო პორტფელიდან ასეთ აქტივებში საპენსიო სახსრების განთავსება ჩემთვის მიუღებელია.
თუმცა არსებობს გამოსავალი და საპენსიო დანაზოგებით ასეთი პროექტების დაფინანსებაც შეიძლება. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების საშუალებით. მაგალითად, თუკი გაქვთ ერთი ელექტროსადგური და გინდათ მეორეს მშენებლობა დააფინანსოთ, შეიძლება გამოუშვათ საჯაროდ ვაჭრობადი ფასიანი ქაღალდები და ამ გზით მოიზიდოთ დაფინანსება ახლის ასაშენებლად. უკვე არსებული სადგურის მუშაობით კი ვალდებულებები დაიფარება. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში კომპანიას საკრედიტო რეიტინგიც უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი კანონში უნდა გაიწეროს დეტალურად”, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც, მაშინ როდესაც ამჟამად ამ კატეგორიის პორტფელის დანაზოგები მხოლოდ ფინანსურ აქტივებშია განთავსებული.