მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის რეცეპტი კატასტროფისკენ" - ლევან სურგულაძე საპენსიო კანონში შესატან ცვლილებაზე

649d9a7c9ed94
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 18:58
1437
გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო, არის “რეცეპტი კატასტროფისკენ”. საუბარია იმ ჩანაწერზე, რომლითაც საპენსიო სააგენტოს მსხვილ პროექტებში პირდაპირი ინვესტირების საშუალება უნდა მიეცეს, თუკი პროექტის თანადაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ჩართული.

“მოქმედი კანონი ნებისმიერ პირდაპირ ინვესტიციას კრძალავს. ასეთი დაშვება, რომ მოდი პირდაპირ ინვესტიციებში შევიდეთ და რა არის პირდაპირი ინვესტიციები, რა არის ეს ფორმატი - ერთ პირს ესაუბრებით, ივაჭრებთ ფასზე და ეს არის სრულიად გაუმჭვირვალე. ეს ფასი როგორ დადგება, კაცმა არ იცის. შემდეგ იმ ინვესტიციიდან გამოსვლაც ძალიან ძნელია, არადა კანონი იმას ამბობს, რომ ლიკვიდურ აქტივებში უნდა იყოს ინვესტიები ჩადებული. აქ შეიძლება იყოს თანხის დატაცება, თაღლითობა და ძალიან ბევრი რამ, რასაც ვერავინ დაინახავს. არც აქვთ იმის მეთოდოლოგია, რომ ამ ინვესტიციის რისკი შეაფასონ. ვიტყოდი, რომ ეს არის რეცეპტი კატასტროფისკენ. კატეგორიულად მიუღებელია პირდაპირი ინვესტიციების დაწყება,”- განაცხადა საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ლევან სურგულაძემ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა საპენსიო სააგენტოს მსგავს საქმიანობას უკრძალავს. ფონდს ამჟამად მხოლოდ ფინანსურ აქტივებში შეუძლია ინვესტიციების განხორციელება, ესენია აქციები, ობლიგაციები თუ სხვა ფასიანი ქაღალდები. თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული კომპანიის ან პროექტის მეწილე იყოს. ახალი კანონპროექტით ეს შეზღუდვა იხსნება და თუკი კონკრეტულ პროექტში, მაგალითად ანაკლიის პორტში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI-ები) განახორციელებენ, საპენსიო ფონდსაც შეეძლება პროექტში თანხა დააბანდოს. ეს შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც პროექტის წილის შეძენით (მაქსიმუმ 33%-ის ოდენობით) ან კაპიტალის მოზიდვაში თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 33%-ის ოდენობით). კანონში ამ ცვლილების შეტანა მთავრობას მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის აქვს გადაწყვეტილი. საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი თუ სხვა ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები.

ცნობისთვის, არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგი არის დაცული, რომლის ზომაც 3.6 მილიარდ ლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები