მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის პოზიცია აბსურდულია - სურგულაძე საპენსიო სააგენტოს რისკის კონტროლზე

649da40c48cbd
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 20:10
907
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები რისკის კონტროლის არასწორ მექანიზმს განსაზღვრავს. გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში სურგულაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთმანეთში არეულია რისკის კონტროლის და რისკის მართვის ცნებები.

მისი თქმით, ყველაზე სწორი მოდელი რისკების მართვისთვის არის საპენსიო სააგენტოს საბჭოს ისეთი დაკომპლექტება, რომ ის ორი კომიტეტისგან შედგებოდეს, მათგან ერთი იყოს საინვესტიციო კომიტეტი, რომლის ქვეშაც საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება, ხოლო მეორე კი რისკის კომიტეტი, რომელიც მიმდინარე რისკებს გააკონტროლებს. სურგულაძის განმარტებით, თუკი რისკის მთავარი ოფიცერი პასუხისმგებელი იქნება საინვესტიციო საბჭოს წინაშე, მაშინ ეს ამ საბჭოს მიერ თვითრეგულირების ტოლფასი იქნება, მაშინ როდესაც ეს ფუნქციები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

“სრულიად ვიზიარებ ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას და ვუწოდებ აბსურდულს ეროვნული ბანკის პოზიციას. ვეცდები მარტივად აგიხსნათ. კანონპროექტში ერთმანეთშია არეული რისკის მართვა და კონტროლი. ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია. სავარაუდოდ, ვიღაც ვერ ასხვავებს ამ ორს და გეტყვით რაშია განსხვავება - საინვესტიციო საქმიანობა განმარტების თანახმად, არის რისკის აღება და მერე ნაწილის სხვაზე გადაცემა, ანუ გაყიდვა ან შენარჩუნება. ზუსტად ეს არის რისკის მართვა.

რაც შეეხება რისკის კონტროლს, ეს არის სრულიად დამოუკიდებელი მცნება და ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეხედავს თითოეული ტრანზაქციის დონეზე და დაითვლის როგორც ცალკეულ დამატებით რისკებს, რომლებსაც იღებენ, ასევე მთლიანი პორტფელის აგრეგირებულ რისკებს.

ამ პორტფელში არის ორი კატეგორიის რისკი, ესენია საინვესტიციო და საოპერაციო ხასიათის რისკები. შესაბამისად, ეს ჯამურად უნდა დაითვალოს, მაგრამ ჯამურად ვერ დაითვლება თუკი ეს მიმართულებები ცალ-ცალკე იქნება.

საუკეთესო პრაქტიკაა ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო ერთი საბჭო ამ საბჭოში უნდა ყოფილიყო საინვესტიციო საბჭო რომ არის, ის როგორც კომიტეტი და ასევე უნდა ყოფილიყო მისგან დამოუკიდებლად რისკის კომიტეტი, რომლის ქვეშაც იქნებოდა მთავარი რისკის ოფიცერი. ხოლო მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იქნებოდა უკვე საინვესტიციო საბჭოს ქვეშ.

თუკი მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელი იქნება საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ეს არის უკვე თვითკონტროლი. როგორ შეიძლება საკუთარი თავი აკონტროლო. მარტივად რომ განვმარტოთ, რა სხვაობაა მართვასა და კონტროლს შორის, მაგალითად ავტომობილის მძღოლი, რომელიც მართავს მანქანას და ჩაუქროლოს პოლიციას 240 კმ/სთ-ით და გაჩერების შემდეგ პოლიციელს უთხრას რამდენითაც მინდა იმდენით ვივლი, რადგან ეს ჩემი რისკია და მითითონ უკეთ ვიცი.

ეროვნული ბანკის პოზიცია არასწორია, რადგანაც ყოველდღე უნდა ხდებოდეს რისკის შეფასება. თუკი სებ-ი შექმნის დეპარტამენტს, რომელიც დაჯდება საპენსიო სააგენტოში, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას არ აპირებენ,”- გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა ლევან სურგულაძემ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლი ასე განისაზღვრება:

“კანონპროექტით განისაზღვრება რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობა. კანონპროექტის თანახმად, რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და შეზღუდოს საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილებები და მის მიერ სააგენტოს მმართველობის ორგანოებისთვის ან/და სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენილი რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის. კანონპროექტი ერთმანეთისგან განასხვავებს საინვესტიციო და არა საინვესტიციო რისკს და ითვალისწინებს აგრეგირებულ რისკს. არა საინვესტიციო რისკებთან მიმართებით, რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, ხოლო საინვესტიციო რისკების კონტროლთან მიმართებით, რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. რაც შეეხება აგრეგირებულ რისკს, აღნიშნულთან დაკავშირებით რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია, როგორც სამეთვალყურეო საბჭოსთან ასევე საინვესტიციო საბჭოსთან. რისკის მთავარი ოფიცრის ფუნქციებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, ადამიანური რისკების, სწავლებისა და შესაძლებლობების ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს. აღნიშნულ პოლიტიკას შეიმუშავებს რისკის მთავარი ოფიცერი და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგი არის დაცული, რომლის ზომაც 3.6 მილიარდ ლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები