2023 წლის 7 აგვისტოდან საპენსიო სისტემის მონაწილეთა დანაზოგების პორტფელების მიხედვით დიფერენცირება მოხდება. თუკი ამ დრომდე ყველას დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში იყო ინვესტირებული, 7 აგვისტოდან მოქალაქეთა დანაზოგები დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებზე გადანაწილდება. ამასთან 40 წლამდე პირების დანაზოგები ავტომატურად მაღალრისკიან პორტფელზე განთავსდება, 40-50 წლის პირების დანაზოგები საშუალო რისკიან პორტფელში განთავსდება, ხოლო 50+ წლის მოქალაქეთა დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში დარჩება. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი გადაწყვეტილებით პორტფელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტო ამჟამად მოქალაქეებს არ აძლევს საკმარის ინფორმაციას ამ საინვესტიციო პორტფელების რისკის შესახებ.
“საპენსიო სააგენტოს საყურადღებოდ: როდესაც აპიარებთ "მაღალ რისკიან" პორტფელებს და მონაწილეებს მხოლოდ მეტ "მოსალოდნელ შემოსავლებს" ჰპირდებით, აუცილებელია იქვე უთხრათ, რომ მეტი "მოსალოდნელი" დანაკარგიც იგივე ალბათობით შეიძლება დადგეს, მით უმეტეს არანაირი რისკის კვალიფიციურად რაოდენობრივი შეფასების საშუალება არ გაქვთ. საუკეთესო დასავლური სტანდარტით - თქვენი ქმედება, როგორც მინიმუმ, მონაწილის შეცდომაში შეყვანად კვალიფიცირდება და დასჯადია. ან მიეცით მონაწილეებს ადეკვატური და სრული ახსნა-განმარტება ან შეწყვიტეთ ეს არაეთიკური პიარი!,”- წერს ლევან სურგულაძე.
აღნიშნულ საინვესტიციო პორტფელებს შორის სხვაობა მათ შემადგენლობაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების პროპორციულ განაწილებაშია. თუკი “დაბალი რისკიანობის” პორტფელში სავალუტო აქტივების წონა 20%-ია, ხოლო აქციების მაქსიმალური დასაშვები წილი 20%-ია, მაღალ რისკიანი პორტფელისთვის უცხოური აქტივების მაქსიმალური დასაშვები წილი 60%, ხოლო აქციების დასაშვები მაქსიმალური წილი 60%-ია.
უფრო დეტალურად კანონის მიხედვით ამ პორტფელების შემადგენლობა ასეთია:
ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
- ა.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 75 პროცენტამდე;
- ა.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე;
- ა.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;
ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
- ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 50 პროცენტამდე;
- ბ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 75 პროცენტამდე;
- ბ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;
- ბ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე;
გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი:
- გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 25 პროცენტამდე;
- გ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 50 პროცენტამდე;
- გ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;
- გ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე.
ამ დროისთვის საქართველოს საპენსიო ფონდის მოცულობა 3.76 მილიარდი ლარია.