მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში გაყიდვები 10%-ით, მომხმარებელთა რაოდენობა კი 13%-ით შემცირდა - KOTON

კოტონი

2025 წლის პირველი 6 თვე საცალო ვაჭრობის სექტორის ნაწილისთვის კლების ტენდენციით დასრულდა.

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მომხმარებელთა ნაკადი შემცირებულია და გაყიდვების კლება ფიქსირდება.

როგორც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „კოტონში” BMG-ის განუცხადეს, მათ შემთხვევაში ორი კვარტალის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 10%-ით, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა.

„კოტონის“ რეგიონალური მენეჯერის შეფასებით, გაყიდვების კლების მიზეზი სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე, მომხმარებლის მხრიდან შემცირებული დანახარჯები, ასევე ტურისტული ნაკადების კლებაა.

“მაისის თვე საკმაოდ გააქტიურებული იყო. ვიზიტორთა რაოდენობა 15%-ით იყო გაზრდილი შარშანდელ წელთან შედარებით. შესაბამისად, 30%-ით იყო გაზრდილი გაყიდვები. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ივნისის თვეზე. ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ივნისის თვეში მომხმარებელთა, შემომსვლელთა რაოდენობამ დაიკლო 12%-ით და შესაბამისად, ასევე დაახლოებით 15%-ით შემცირდა გაყიდვებიც. პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, მათ შორის ბათუმში, იმიტომ რომ ბათუმი, როგორც იცით, ამ სეზონზე ყოველთვის გამოირჩევა ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით. თუმცა [როგორც ირკვევა] ბევრმა ებრაელმა, რუსმა და უკრაინელმა დატოვა ქვეყანა.

საერთო ჯამში, ექვს თვეში შარშანდელ პერიოდთან შედარებით გაყიდვების დაახლოებით 10%-იანი კლებაა, ხოლო ვიზიტორების ნაწილში 13%-იანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტურისტების სიმცირითაცაა განპირობებული. ასევე, ერთ მომხმარებელზე გაყიდული პროდუქციის რაოდენობას თუ ავიღებთ, ესეც შემცირებულია. თუ ადრე ერთ მომხმარებელზე მოდიოდა ორ-ნახევარი ნივთი, ახლა ეს დაახლოებით 1.9-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიის თვალსაზრისით იმდენს აღარ ყიდულობს მოსახლეობა, როგორც ადრე ყიდულობდა”, - განაცხადა კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა სალომე ინასიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები