წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 6 თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის გაყიდვით რეკორდული 156 მილიონ 573 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 24.2%-ით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალური ღვინოები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ 5.5%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს, ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკაში კი ქართული ღვინო ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია.
ქართული ღვინის მთავარი ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. სწორედ რუსეთში გაყიდვების ზრდითაა განპირობებული ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი. იანვარ-ივნისში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 70.9% მოდიოდა და ამ პერიოდში რუსეთში ღვინის რეალიზებით საქართველომ 111 მილიონ 122 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 35.8%-ით აღემატება. ამ ბაზარზე ჯამში 40 826 ტონა ღვინო გავყიდეთ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე კონკრეტულად რუსეთში ღვინის ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა იანვარ-აპრილში ფიქსირდება, რა დროსაც მსოფლიოში გაყიდვები 61%-ით, რუსეთში 90.1%-ით იყო გაზრდილი. მაისსა და ივნისში კი ღვინის გაყიდვები შემცირდა, ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს კი პირველი ოთხი თვის რეკორდული ზრდა განაპირობებს. 2024 წელს თვეების მიხედვით ღვინის ექსპორტის სტატისტიკა ასეთია:
მსოფლიო: რუსეთი:
იანვარი - $18 მილიონი, 6 487 ტონა; იანვარი - $13.3 მლნ, 5 066 ტონა;
თებერვალი - $29.5 მლნ, 10 210 ტონა; თებერვალი - $22.6 მლნ, 8 139 ტონა;
მარტი - $35.9 მლნ, 13 046 ტონა; მარტი - $29 მლნ, 10 884 ტონა;
აპრილი - $42.9 მლნ, 15 395 ტონა; აპრილი - $34.5 მლნ, 12 954 ტონა;
მაისი - $14.1 მლნ, 4 334 ტონა; მაისი - $4.9 მლნ, 1 616 ტონა;
ივნისი - $15.9 მლნ, 4 958 ტონა. ივნისი - $6.5 მლნ, 2 164 ტონა.
რამ განაპირობა ღვინის ექსპორტის რეკორდული ზრდის შემდეგ მაის-ივნისში ექსპორტის კლება?
მიზეზი მაისიდან მთავარ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადის გაზრდაა, რის გამოც ღვინის ექსპორტიორი კომპანიები, წლის ძირითადი საექსპორტო მოცულობების გატანას ჩრდილო-მოსაზღვრე ქვეყანაში, გადასახადის გაძვირებამდე შეეცადნენ. შედეგი სახეზეა თვიურ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით მაისსა და ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი წლიურად არამხოლოდ შემცირდა, არამედ შემცირებულია ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც, თუმცა საბოლოო მაჩვენებელზე საუბარი ნაადრევია და სრულყოფილი სურათის დანახვას წლის ბოლოსთვის შევძლებთ.
6-თვიან პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოების გაყიდვის მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიზარდა. თუმცა ამ ბაზრის წილი მთლიან ექსპორტში მცირეა. წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 16 მილიონ 196 ათასი დოლარის ღირებულების 5 112 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტს 12.6%-ით აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ექსპორტი გაიზარდა აშშ-ის მიმართულებითაც.
TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, სადაც ღვინის ექსპორტი ყველაზე მაღალია:
- რუსეთი - $111.1 მლნ, 40 826 ტონა;
- პოლონეთი - $7.8 მლნ, 3 177 ტონა;
- უკრაინა - $6 მლნ, 2 209 ტონა;
- ყაზახეთი - $5.2 მლნ, 1 596 ტონა;
- ბელარუსი - $3.9 მლნ, 1 432 ტონა;
- აშშ - $3.9 მლნ, 653 ტონა;
- ჩინეთი - $3.8 მლნ, 1 120 ტონა;
- გერმანია - $2.9 მლნ, 674 ტონა;
- ლატვია - $2.1 მლნ, 542 ტონა;
- ლიეტუვა - $1.1 მლნ, 289 ტონა.
ამ ქვეყნების გარდა წელს ღვინო გაერთიანებულ სამეფოში, თურქეთში, კანადაში, ესტონეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში გავყიდეთ.