მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში კონკურენციის სააგენტოში განაცხადები 48%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები?

ონლაინ ვაჭრობა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის ექვს თვეში - 602 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2060 შეადგინა.

როგორც GCCA-ში აღნიშნავენ, განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უფრო დეტალურად: თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 204, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 111, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 35, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 24, ხოლო სხვა დანარჩენზე 52 განაცხადი.

წელს, მომხმარებლის განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%-ს.

ამასთან, ექვსი თვის შედეგებით:

  • GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 109 საქმეზე.
  • GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 68 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.
  • მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 90 საქმეზე - 83 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები