6 თვეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
საზღვაო ნავსადგურებში/ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, ზრდა დაფიქსირდა როგორც ყველა ცალკეულ ნავსადგურში/ტერმინალში, ასევე ყველა ცალკეული ტვირთის კატეგორიის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა", - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, საქართველოს რკინიგზის მიერ ამ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. ამასთან, რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.




























