მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში რუსეთიდან გაზის იმპორტი გაორმაგდა

გაზი

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი წლიურად 119%-ით გაზარდა.

2023 წლის ექვს თვეში საქართველომ რუსეთიდან ჯამში 422 276 943 კბ.მ მოცულობის გაზი იყიდა, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 193 მლნ კბ.მ.-ია. ეს ინფორმაცია BMG-იმ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისგან [სემეკი] მიიღო. 

საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჯამში 267 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ 225 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტი განახორციელო. 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან 78 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, რაც წლიურად 138%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთისგან თითქმის 33 მლნ დოლარის გაზი იყიდა.

ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია.

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 83%-ს. 

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1.3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის იმპორტი განახორციელა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობა შემცირებულია, რაც აისახა კიდეც გადახდილ თანხაში. კერძოდ, თუ საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტში 192 მლნ დოლარი გადაიხადა, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 მლნ დოლარით ნაკლებია.

რატომ გახდა საჭირო 422 მლნ კუბური მეტრის რუსეთიდან შესყიდვა, ამ კითხვით BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები