მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან მთავრობა არაფერ შუაშია“ - აკაკი ცომაია

63d9402e7b148
თელარა გელანტია
31.01.23 23:00
920
ეკონომისტი აკაკი ცომაია 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაში მთავრობის წვლილს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის 10.1%-ით გაზრდაში ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ფაქტორს შეეხებოდა.

„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება რომ იყოს, მთავრობამ ხომ რაღაც უნდა გააკეთოს? - ეკონომიკური პოლიტიკა შეცვალოს ან ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს და შედეგი ვნახოთ. მეორე მხრივ, რეფორმებიც როცა ხორციელდება, ის ასე სწრაფად არ აისახება. ამდენად, ცხადია, შარშანდელ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არაფერ შუაშია. რეალურად, არც ეკონომიკის სტრუქტურა შეცვლილა, არც დიდი ტექნიკური პროგრესი გვქონია, რასაც ვაკეთებდით ადრე, იგივე კეთდებოდა შარშანაც.

ამდენად, ორი ფაქტორია, რომელმაც გასულ წელს ორნიშნა ზრდა განაპირობა: პირველი - პანდემიის შემდეგ ისედაც მოსალოდნელი იყო მაღალი ზრდა და ასეც იყო 2021 წელს, როდესაც ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა და უკვე შარშან ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი; მართალია, გვქონდა მოლოდინი, რომ ომს უარყოფითი შედეგი უნდა გამოეწვია საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საპირისპირო მოხდა - რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა ქვეყანაში და უპრეცედენტოდ გაიზარდა ფულადი გზავნილები. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რამაც ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი განაპირობა“, - განმარტა აკაკი ცომაიამ.

BMG-ს კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს და სტატისტიკური რიცხვები მოსახლეობის უმრავლესობამაც იგრძნოს, ეკონომისტმა განაცხადა, რომ გამოსავალი, მოქმედი მთავრობის გადადგომაშია.

„ეს იქნება ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ მთავრობას შეუძლია. მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება რამე კარგს გააკეთებს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ვთხოვთ და გვაქვს იმედი, მათ ქვეყანას უნდა დაუბრუნონ ის რეპუტაცია, რომელიც ჰქონდა და არ აქვს სწორედ ამ მთავრობის დამსახურებით - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მაგალითიც საკმარისია... ამდენად, ბიზნესისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება, განვითარებისთვის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზარზე რეპუტაციის აღდგენა - დღეს ეს სჭირდება ქვეყანას“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები