მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახის საინვესტიციო ფონდში შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, მათ შორის მიგრანტებს, ინვესტირება?

6446b1607061c
ალა ისპირიანი
24.04.23 21:00
1630
სტატიაში საუბარია:
საქართველოდან საზღვარგარეთ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის, რაც ცხადია ფულადი გზავნილების მოცულობას ყოველ წელს ზრდის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკით, საქართველოში უცხოეთიდან $438 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია.

გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც $224 მილიონი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც $43 მილიონი შემოვიდა, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას აშშ იკავებს, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს. გზავნილების ეს მოცულობა წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნული ზრდა ცხადია რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე საქართველოში ადამიანების მასიურმა შემოსვლამაც განაპირობა, თუმცა უდავოა, რომ მიგრანტები, რომლებიც დასაქმების მიზნით და სხვა მიზეზებით საზღვარგარეთ მიდიან უდიდესი წილი აქვთ ფულადი გზავნილების სტატისტიკაში.

იმისათვის, რომ მიგრანტებმა საკუთარი გამომუშავებული თანხიდან დამატებითი სარგებელი ნახონ, საქართველოში ამის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა: გაქირავების მიზნით უძრავი ქონების შეძენა, ბანკში ანაბრის გახსნა, ან ბიზნესის დაწყება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

გზა, რომელიც შესაძლოა მიგრანტებისთვის შემოსავლის ახალი პოპულარული წყარო გახდეს, საინვესტიციო ფონდებში ფულის განთავსებაა.

სებ-ის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ 5 საინვესტიციო ფონდია რეგისტრირებული და გაგაცნობთ რა სახის საინვესტიციო ფონდში შეუძლიათ ფიზიკურ პირებს (მათ შორის მიგრანტებს) ინვესტირება.

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდები იყოფა ორ კატეგორიად: ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი - ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (UCITS) ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს საჯარო შეთავაზება და ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი - ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება და ჰყავდეს არაუმეტეს 20 გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი.

სებ-იდან Bm.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცის თანახამად, ფიზიკურ პირს შეუძლია ინვესტირება მოახდინოს როგორც ავტორიზებულ ისე რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში.

„ამჟამად ბაზარზე არსებული ხუთივე საინვესტიციო ფონდი უფლებამოსილია თავისი ერთეული შესთავაზოს ფიზიკურ პირებს (მათ შორის მიგრანტებს). თუმცა, რადგან ისინი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები არიან, გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა თითოეულ ასეთ ფონდში არ უნდა აჭარბებდეს 20-ს.

ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გათვითცნობიერებული ინვესტორის კატეგორიის მინიჭება რეგულირდება "პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ " საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის N223/04 ბრძანებით“, - წერია სებ-იდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

რამდენიმე თვის წინ საინვესტიციო ფონდ „ფორსაით კაპიტალში" განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ მათ ფონდში თანხა მიგრანტებმაც განათავსონ, მაგრამ მიგრანტებს ამ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ ფონდი ცნობადობის ამაღლებას გეგმავს. 

გაგაცნობთ, ამჟამად რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებს: 

- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1"
- სს "ფორსაით კაპიტალი"
- სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
- შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია"
- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, არსებული საინვესტიციო ფონდების მართული პორტფელის ჯამური მოცულობა 92 000 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ: საინვესტიციო ფონდების განვითარება საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2013 წელს საინვესტიციო ფონდების შესახებ მიღებული კანონი არ ითვალისწინებდა საინვესტიციო ფონდების რეგულირებისა თუ ოპერირების სხვადასხვა ასპექტს, რაც ბაზრის განვითარების ტემპს აფერხებდა. არსებული გამოწვევების ფონზე 3 წლის წინ კანონმდებლობა განახლდა და პარლამენტმა საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონი მიიღო. საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გიორგი მელიქიძემ Bm.ge-სთან რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ საპენსიო დანაზოგების ნაწილი შესაძლოა საინვესტიციო ფონდებშიც განთავსდეს, რაც საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონში ცვლილებას ითვალიწინებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები