2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 226 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი იყიდა, 6%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით.
საქსტატის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი წელსაც შემცირდა, რუსეთიდან - გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია თითქმის 116 მლნ დოლარის ღირებულების გაზი, რაც 8%-იანი კლებაა 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აზერბაიჯანიდან შემცირებული იმპორტის ფონზე, რუსეთიდან გაზის შესყიდვები კვლავ იზრდება. 2025 წლის 6 თვეში საქართველომ 110.5 მლნ დოლარამდე გაზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვები, რაც 26%-იანი ზრდაა წლიურად.
სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი (ოფციური და დამატებითი გაზის გარეშე) 775 მლნ მ³-მდე შემცირდა. ბოლო წლების ტენდენცია შარშანაც გაგრძელდა, საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი 788 მლნ მ³-მდე გაზარდა, 2023 წელთან შედარებით რუსული გაზის იმპორტი 32%-ით არის გაზრდილი.




























