მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში  საქართველოს გავლით 115 მლნ ბარელი აზერბაიჯანული ნავთობი  და კონდენსატი გავიდა  - BP

გაზის ტერმინალი

2023 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალმა 115 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის და კონდენსატის ექსპორტი განახორციელა.

BP -ის მონაცემებით, 114 მილიონი ბარელი  ნავთობის და კონდენსატის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით და დაახლოებით 1 მილიონი ბარელი  ბაქო-სუფსის მილსადენის  გავლით  განხორციელდა.

სანგაჩალის ტერმინალში აზერბაიჯანული ACG-ის და Shah Deniz-ის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი და გაზი ზღვისქვეშა მილსადენებით გადაიქაჩება.

ტერმინალს ამჟამად დღეში 1.2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის და კონდენსატის და შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული დაახლოებით 81 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი გაზის გადამუშავება შეუძლია. თუმცა საერთო ჯამში, ტერმინალის გაზის გადამუშავების და ექსპორტის სიმძლავრე, ACG-ს ასოცირებულ გაზთან ერთად დაახლოებით, დღეში 100 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრია.

რაც შეეხება გაზის ექსპორტს, ის  განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების სისტემის და აზერბაიჯანის გაზის მილსადენების საშუალებით, რომელიც სანგაჩალის ტერმინალის გაზის გადასამუშავებელ მოწყობილობებს "აზერიგაზის" ეროვნულ გამანაწილებელ სისტემასთან აკავშირებს.

2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, სანგაჩალის ტერმინალიდან ექსპორტზე დღეში საშუალოდ 72 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი (დაახლოებით 2,542 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი) შაჰ-დენიზის გაზი გადიოდა.

BP -ის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ბაქო- თბილისი - ჯეიჰანის  საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი 59 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი 18 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.

„1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2023 წლის ივნისის ბოლომდე ჯამში 4.1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (546 ტონაზე მეტი).  5 402 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. 2023 წლის 18 იანვარს, BTC-მ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია ჯამში 4 მილიარდი ბარელი ნავთობი გაატარა. 2023 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 114 მილიონი ბარელი (15 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 158 ტანკერში ჩაიტვირთა. ბი-თი-სი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰდენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.“, - ნათქვამია BP -ის ნახევარწლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები