მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„7-8 მარტის ძალადობრივ აქციაში ჩართული იყო ე.წ. მეხუთე კოლონა“ - პრემიერი

641d65c8ab235
თინათინ ნატმელაძე
24.03.23 12:53
775
„7-8 მარტის აქციების ორგანიზებაში პირდაპირ ჩართული იყო ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები. მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, ნაცმოძრაობა, გირჩი მეტი თავისუფლების, ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქსიტული მოძრაობები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული და 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციები შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნული საპროტესტო აქციები იყო ძალადობრივი, რომელიც ხელისფულებმა თავისი სიმტკიცით და გონიერებით მოიგერია.

„გახსოვთ კარგად, ე.წ. აქციები „შინ ევროპისკენ“, მათი გაცხადებული მიზანიც იყო ხელისფულების შეცვლა და ომის დაწყება, ეს მიზანი ჩაუვარდათ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს. ასევე, შეგახსენებთ ბოლო მცდელობას ორიოდე კვირის წინ 7-8 მარტის აქციებს. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, ყველამ კარგად ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილების და ქვების სროლა.

ასევე, მე შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს - როდესაც ძალადობრივი ჯგუფები პოლიციას თავს ესხმოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ დრო იყო რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაზე და კვლავ აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ დღეს ქვეყანა არც ნატოს წევრია, არც ევროკავშირის. ევროკავშირის წევვრები კი ძალიან სიფრთხილით უდგებიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას.

როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს თუ რატომ ერიდებიან ისინი რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას, გვპასუხობენ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. საქართველო კი ახალ ომს ვერ გაუძლებს. ჩვენი ამოცანა არის ერთიანობის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 7 მარტს პირველადი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონი საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ 10 მარტს პარლამენტმა უკან გაიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები