7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
მათი ცნობით, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
"დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება", - განმარტავენ ეროვნულ ნაკრებში.
7 სექტემბრის, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.