კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი 4-დღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმე შეთანხმება პირველივე დღეს გააფორმეს. მათ შორის, ნავთობითა და ბუნებრივი აირით, ასევე გათხევადებული გაზით ვაჭრობის შესახებ. ხელი მოეწერა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის სუფთა და კონვენციურ ენერგიაზე თანამშრომლობის შესახებაც, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გარიგებები რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ყველა მათგანი აქამდე არსებული შეთანხმებების გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.
როგორც ირკვევა, ჩინეთი კანადისაგან აქამდე დადგენილზე მეტი ნავთობისა თუ გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვას არ აპირებს. ამასთან, გადაუჭრელი რჩება ტარიფების საკითხი სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით. კარნი მოელის, რომ აღნიშნულ საკითხებს დარჩენილი დღეების განმავლობაში შეათანხმებს.
აღსანიშნავია, რომ კანადის პრემიერ-მინისტრისთვის გაცილებით ნაყოფიერი მეორე სამუშაო დღე აღმოჩნდა. დღეს ორმა ქვეყანამ შეთანხმებები ტურიზმის მასშტაბის გაზრდაზე, ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულების კუთხით თანამშრომლობაზე გააფორმა. კარნიმ წამოაყენა სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხიც, თუმცა ოფიციალურ პეკინს ამასთან დაკავშირებით პასუხი ჯერ არ დაუფიქსირებია. ოფიციალურ ოტავაში წარმატებად მიიჩნევენ იმ საკითხსაც, რომ ქვეყნებმა ელექტრომობილებსა და რაფსის ზეთზე ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, კანადა ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებს 6.1%-მდე ჩამოწევს და ქვეყანაში დამატებით 49,000 ელექტრომობილის იმპორტს დაუშვებს, სანაცვლოდ, ჩინეთი კანოლის ზეთზე, ასევე ზღვის პროდუქტებზე დაწესებულ ტარიფებს მარტის თვისთვის 15%-მდე დაწევს.
კანადის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის შემდეგ მსგავსი მნიშვნელობის დიპლომატიური შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის აღარ გამართულა. მაშინ მიზეზი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს ფინანსური დირექტორის, მენ ვანჟუს დაკავება გახდა, რის საპასუხოდაც ჩინეთმა კანადის ორი მოქალაქე დააკავა. ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როცა კანადამ ჩინეთი შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში და ჯაშუშების ქსელის შექმნაში დაადანაშაულა. ყველაზე ბოლოს კი პრობლემა 2022 წელს, პირადად სი ძინპინსა და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის შეიქმნა. ჩინეთის ლიდერი კანადელ კოლეგას დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების საერთაშორისო მედიაში გავრცელებაში ირიბად სდებდა ბრალს. ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრი აღარ არის, ოფიციალური პეკინი კი მოელის, რომ ახალ ლიდერთან დიპლომატიური სურათის შეცვლას შეძლებს და სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებს.




























