აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. ეს 2019 წლის შესაბამის პერიოდს 90%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტისთვის რეკორდული 2019 წელი იყო, როცა აეროპორტით თითქმის 874 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. აეროპორტის მმართველი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით რეკორდული იქნება და მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, საანგარიშო პერიოდში აეროპორტში 2590 რეისს შესრულდა, რაც პანდემიამდელ პერიოდს 76%-ით აღემატება.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.
დეკემბრიდან კი ქუთაისის აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.