2025 წლის 7 თვეში საქართველომ 236.5 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა. წლიურ ჭრილში იმპორტი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. საქართველოს გაზის ორი მომწოდებელი აზერბაიჯანი და რუსეთი ჰყავს. სწორედ ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებულ გაზს მოიხმარს ქვეყანა.
2025 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანულ გაზში თითქმის 125 მლნ დოლარია გადახდილი, რუსულში 111.6 მლნ დოლარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელსაც გაგრძელდა რუსეთიდან იმპორტის ზრდის, ხოლო აზერბაიჯანიდან კლების ტენდენცია. კერძოდ, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 6%-ით შემცირდა, რუსეთიდან კი 26%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2024 წელს, სემეკის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი (ოფციური და დამატებითი გაზის გარეშე) 775 მლნ მ³-მდე შემცირდა. რუსეთიდან გაზის იმპორტი კი 788 მლნ მ³-მდე გაზარდა, 2023 წელთან შედარებით რუსული გაზის იმპორტი 32%-ით არის გაზრდილი.




























