მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-წლიანი მუშაობის შემდეგ "ფოსტის შესახებ" კანონპროექტს განხილვებისთვის ამზადებენ

613a015c86eee
ელენე გოგბერაშვილი
10.09.21 10:15
835
„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2014 წლიდან წერს, შესაძლოა, დღის შუქზე ვიხილოთ. ის, მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განსახილველი კანონპროექტების ნუსხაშია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტს ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის განხილვა წინა წლების გეგმაშიც ჰქონდა, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზების გამო, ამ დრომდე დოკუმენტი საპარლამენტო განხილვის საგნად ვერ იქცა.

წლების განმავლობაში თაროზე შემოდებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ უნახავთ საფოსტო გადამზიდავ კომპანიებს. როგორც TNT-ის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, კერძო სექტორსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ბოლო კომუნიკაცია ივნისის ბოლოს შედგა. დარგს ჰქონდა შენიშვნები, თუმცა გაითვალისწინა და ასახა თუ არა უწყებამ ეს საბოლოო დოკუმენტში, მათთვის ცნობილი არ არის.

„ის საკითხები, რაზეც შენიშვნები გვქონდა, კვლავ ღია იყო და არ იყო ასახული დოკუმენტში. ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ასაახავდნენ და გამოგვიგზავნიდნენ, თუმცა მას შემდეგ არავინ დაგვკონტაქტებია“, - აცხადებს მენთეშაშვილი.

მისი თქმით, დარგი უნივერსალური და კურიერული მომსახურების სფეროების გამიჯვნას ითხოვს.

„ვთანხმდებით, რომ საქართველოს ფოსტა არის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თუმცა ის ასევე ითვისებს კურიერულ მომსახურებას, რაც სულ სხვა სფეროა. ვთვლით, რომ ის არ უნდა იჭრებოდეს კურიერული მომსახურების ბაზარზე“, - აცხადებს მენთეშაშვილი.

კომპანიები არ ეთანხმებიან ასევე ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას, რომ უნივერსალური სერვისები სფეროში დასაქმებული ბიზნესების მხრიდან, მათ შორის კურიერული მომსახურების გამწევი კომპანიების მხრიდან ფინანსდებოდეს.

იქნება თუ არა გათვალისწინებული დარგში მოქმედი კომპანიების პოზიციები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ჯერ უცნობია. როგორც კერძო სექტორში ამბობენ, დაპირების მიუხედავად მათ დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ჯერჯერობით, არ უნახავთ.

რაც შეეხება თავად კანონპროექტის ავტორი უწყების პოზიციას, BM.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

"კანონპროექტი ფოსტის შესახებ განხილულია როგორც კერძო, ასევე ექსპერტულ წრეებში. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო ცვლილებების შეტანა, რომლის შემდეგაც განსახილველად გადაეგზავნება როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს".

რაც შეეხება იმას, თუ რა წერია კანონპროექტის აღწერაში, დოკუმენტი მისი მიღების ზოგად მიზნებს გვთავაზობს და მასში არფერია ნათქვამი იმის შესახებ, კონკრეტულად რა იცვლება ახალი კანონით საფოსტო მომსახურების ბაზარზე:

„კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“ ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს; ფოსტის სფეროში საქმიანობისას პირთა თანასწორუფლებიანობას; მომხმარებელთა უფლებების დაცვას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; საფოსტო მომსახურების გაწევისას და საფოსტო ქსელის ორგანიზებისას საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას; ქვეყნის ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილების ტრანზიტულად გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების შესაბამისად; საფოსტო ქსელის მეშვეობით გაცვლილი მონაცემების და გზავნილის უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვას; საფოსტო საშუალებებისა და მომსახურების მართვას საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს; საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის რეგულირებას; მეწარმეობის, კონკურენციის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის და ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას და სხვა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია დანიშნული საფოსტო ოპერატორისთვის მის მიერ უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელებისას წარმოშობილი ხარჯის ანაზღაურება, თუკი იგი წარმოადგენს არასამართლიან ფინანსურ ტვირთს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები