თბილისში, UEFA-ს IV კატეგორიის, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი თბილისის მოქმედ საერთაშორისო აეროპორტთან, უფრო კონკრეტულად კი ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ აშენდება. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სტადიონის მშენებლობა თავდაპირველად ვაზიანში იგეგმებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობისთვის ₾876 მილიონიანი ტენდერი დღეს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 25 სექტემბრიდან დაიწყება.
დამკვეთის მოთხოვნის ტექნიკური დავალების მიხედვით, თბილისის ეროვნული სტადიონის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუგარის კვლევით ცენტრის, კახეთის გზატკეცილისა და ევროპის ქუჩის გადაკვეთას შორის.
„სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია მრავალდონიანი თვისობრივი შეფასების შედეგად შეირჩა, რაც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეფუძნებოდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას.
სატენდერო დოკუმენტაციაში კი აღნიშნულია, რომ კახეთის გზატკეცილი თბილისიდან საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებისა და აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალ მთავარ ავტომაგისტრალს წარმოადგენს.
„თბილისიდან აეროპორტის გასასვლელამდე გზატკეცილი მოიცავს სამ ძირითად ზოლს ორივე მიმართულებით, რომლებიც გამიჯნულია მყარ ცენტრალურ ზღუდით. დამატებით, ორივე მიმართულებით არსებობს ორი დამხმარე ზოლი ნელი მოძრაობისთვის, რომლებიც გამოყოფილია ძირითადი ზოლებისგან და საბოლოოდ უერთდება აეროპორტის გასასვლელს. აეროპორტის შემდეგ გზატკეცილი აგრძელებს მხოლოდ სამი ძირითადი ზოლის სახით, ცენტრალური გამყოფის გარეშე. ტერიტორია მდებარეობს აეროპორტის მთავარი ტერმინალის შენობიდან დაახლოებით 2800 მეტრში და დაახლოებით 16 კმ (30 წუთი) თბილისის ცენტრიდან. მიწის ნაკვეთი აღმოსავლეთით ესაზღვრება ევროპის ქუჩას, სამხრეთით – თბილისის აეროპორტის სარკინიგზო ხაზს, დასავლეთით – ლუგარის ლაბორატორიას, ხოლო ჩრდილოეთით – კახეთის გზატკეცილს. ამჟამად ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლებიდან, თბილისის მიმართულებიდან. არ არსებობს პირდაპირი მისასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან. იმისთვის, რომ ღონისძიების დღეებში ტერიტორიაზე შეუფერხებელი შესვლა და გამოსვლა მოხერხდეს, აუცილებელია აშენდეს სპეციალური კვანძი კახეთის გზატკეცილზე, რაც უზრუნველყოფს ორმხრივი მოძრაობის შეუზღუდავ კავშირს ტერიტორიასთან (შესყიდვის ფარგლებში აღნიშნული კვანძის მხოლოდ პროექტირებაა გათვალისწინებული)“,- აღნიშნულია ტენდერზე თანდართულ ინფორმაციაში.
დოკუმენტაციაში პროექტის მიზნობრიობაა განმარტებული: "საქართველოს ახალი ეროვნული სტადიონის პროექტის მიზანია მსოფლიო დონის, მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა, რომელიც სიმბოლურად ასახავს საქართველოს დამოკიდებულებას სპორტისადმი და ქვეყნის სტუმართმოყვარეობას. ეს უნდა იყოს ქვეყნისთვის სანიმუშო ადგილი, რომელიც შეძლებს უმასპინძლოს მსოფლიო კლასის კლუბებს, საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ფინალებს, ისევე როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებებს. სტადიონი განკუთვნილი იქნება პროფესიონალური ფეხბურთის, რაგბის, კონცერტების, სხვა ღონისძიებების ჩატარებისა და დასვენებისთვის. დავალებით გათვალისწინებულია 70,000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული თანამდევი ინფრასტრუქტურის - საშხაპეების, გასახდელების, პრესის და VIP სივრცეების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ გეგმას.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას და თბილისის საერთაშორისო სპორტულ რუკაზე პოზიციონირებას. სტადიონი შექმნის შესაძლებლობას, განავითაროს ქვეყნის ამჟამინდელი სპორტული წარმატებები და ხელი შეუწყოს მომავალი თაობების სპორტულ მიღწევებს, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში (ტურიზმი) და მის გლობალურ სტატუსში"




























