მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"70-მილიონიანი პროექტი ზარალით დავასრულეთ" - რატომ ითხოვს სამშენებლო სექტორი ინდექსაციას?

ინფრასტრუქტურა

საქართველო არ არის ძირითადი სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქვეყანა, რაც ბიზნესს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის - ამის შესახებ BMG-სთან „ტესენ ჯგუფის“ მმართველი დირექტორი გიორგი თავართქილაძე საუბრობს. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერი მცირე ცვლილება ქართული კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე მყისიერად აისახება, რადგან სტრატეგიული პროდუქტების დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის.

“ჩვენ არ ვართ ძირითადი მწარმოებლები ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის, როგორიც არის ნავთობპროდუქტები. არმატურა, რკინაც და ლითონის ნაკეთობებიც ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის და ნებისმიერი პატარა რყევა ძალიან მკვეთრად ისახება უშუალოდ ფასების, განფასების ნაწილზე” - ამბობს გიორგი თავართქილაძე.

ამიტომ, მისივე თქმით, შესყიდვებში ინდექსაცია სავალდებულო უნდა გახდეს ყველა იმ პროექტისთვის, რომლის ხანგრძლივობაც ერთ წელს აღემატება, რადგან ამ პერიოდში ფასების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი წარმოებები, რომელიც შეიძლება სტაბილურად დააზღვიო - თუნდაც, კურსის ჰეჯირებით ან სხვადასხვა საბანკო პროდუქტით და წინასწარ დააზღვიო ეს სავარაუდო ზარალები. როდესაც პროექტი წელიწადზე დიდხანს გრძელდება, ძირითადი მომწოდებელი საქართველოში არ გყავს და საზღვარგარეთიდან იღებ ამ პროდუქტს, ეს საქმეს ართულებს.

ინდექსაცია არ მოიცავს მარტო იმას, რომ პროექტი აუცილებლად უნდა გაძვირდეს. პირიქით, შეიძლება გაიაფდეს კიდევაც და მაგ შემთხვევაში სახელმწიფო ეკონომიას ნახავს კონკრეტულ პროექტებში. ძალიან სამართლიანი შეთანხმებაა, როცა ორივე მხარე ნაწილობრივ რისკებს იმცირებს და რაც მთავარია, ეს პროექტის დასრულებაზე ან პოზიტიურად მოქმედებს” - ამბობს გიორგი თავართქილაძე.

მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდში, საწვავის ფასის კატასტროფულმა ზრდამ კომპანიები მძიმე ზარალის წინაშე დააყენა.

“პირველი ოთხი-ხუთი თვე კატასტროფა იყო, იმიტომ რომ საწვავის ფასები იმ პერიოდში გაორმაგდა. პრაქტიკულად, პროექტების თვითღირებულებაც გაგვიორმაგდა. ერთ-ერთი დიდი პროექტი გვქონდა - 70 მილიონის ღირებულების და მოგების მარჟაზე რომ ვფიქრობდით, საბოლოო ჯამში 0,5 პროცენტი ზარალით დავასრულეთ ეს პროექტი. ასე რომ, ასეთი რისკები არსებობს, ინდექსაცია კი, რეალურად ამ სახის რისკებს აზღვევს.“

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სექტორი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საშუალებით, შესაბამის უწყებებთან აქტიურ დიალოგს აგრძელებს, რათა ინდექსაციის მექანიზმი სახელმწიფო შესყიდვების განუყოფელი ნაწილი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები