თბილისში შემოსული 75 განაცხადიდან შემოწმებას მხოლოდ 15-მა სასტუმრომ გაუძლო - ამის შესახებ პრემიერმა იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ დარგის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ამ რიცხვებმა არ უნდა შეაშინოთ და შემოწმებაზე განაცხადი აუცილებლად უნდა შეიტანონ. მან ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროების ჩამონათვალი საზოგადოებისთვის საჯარო იქნება და ყველას ეცოდინება, რომელი სასტუმროები აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.
„ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში უკვე დაწყებულია მიღება კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების, რომ მოდით შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ გავიხსნები. უკვე რაღაც რაოდენობა შემოწმებულია, გუშინ თბილისში ამოწმებდნენ 75 სასტუმროს, საიდანაც შემოწმებას მხოლოდ 15-მა გაუძლო.
ამ რიცხვმა არ უნდა შეგაშინოთ. უნდა იცოდეთ, რომ თბილისში ბევრი დიდი სასტუმროა, რომელსაც სტანდარტები უჭირს - კონდინციონირება და კიდევ ბევრი რაღაც, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები სხვანაირი აქვს, ამიტომ განაცხადით რა თქმა უნდა, უნდა შეხვიდეთ, უნდა ნახოთ მოთხოვნები რა არის და ამის დაკმაყოფილება არ არის რთული.
ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და ამ სასტუმროების ცხრილი ეცოდინება ყველას. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს სასტუმროების სია მივიტანოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და შემდგომ უკვე მივიტანთ ჩვენ საზღვარგარეთელ პარტნიორებამდე“, - განაცხადა პრემიერმა.