მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილამდე აშშ-ში ელექტრომობილების დასატენად 400-ზე ნაკლები პუნქტი მოეწყო, მიუხედავად ინფრასტრუქტურის $7.5 მილიარდიანი პროგრამისა.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, აშშ-ის 16 შტატში, ელექტრომობილთა დამუხტვის 68 სადგურზე 384 დამტენი მოეწყო. GAO ამტკიცებს, რომ სამსახურს, რომელიც პროგრამის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, არ განუსაზღვრავს სამიზნე მაჩვენებლები ან საქმიანობის ვადები.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის 16-მა შტატმა ქვეყნის ტრანსპორტის დეპარტამენტს უჩივლა. შტატები ამტკიცებდნენ, რომ ფედერალური მთავრობა უკანონოდ აკავებდა სულ მცირე $3-მილიარდიან დაფინანსებას, რომლებიც 2021 წლის ინფრასტრუქტურის კანონით ელექტრომობილების დამტენი სადგურების ასაშენებლად გამოიყო.
დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ტრანსპორტის დეპარტამენტმა ელექტრომობილთა დამტენების პროგრამა თებერვალში გააუქმა და დაფინანსების თანხმობა გამოითხოვა. მთავრობის ანგარიშვალდებულების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ტრამპი კონგრესისგან იმ $6 მილიარდის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც პროგრამის ფარგლებში ჯერ არ დახარჯულა.
ტრამპის ადმინისტრაციამ ელექტრომობილების გაყიდვების შესამცირებლად არაერთი ზომა გაატარა. მათ შორის, მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ელექტრომობილებისთვის $7 500 და $4 000-დოლარიან საგადასახადო შეღავათების გაუქმებას. მანამდე, იანვარში, ტრამპმა გააუქმა ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიზანიც იმის უზრუნველყოფა იყო, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრონული იქნებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში აშშ-ის ზოგადი სერვისების სააგენტომ ელექტრომობილების დამტენი პუნქტების 32 პროექტი გააუქმა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $23 მილიონს აღემატებოდა.




























