საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, გასული წელი ქართული ბანკებისთვის როგორც შემოსავლიანობით, ასევე წმინდა მოგებით რეკორდული იყო.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო. წმინდა მოგება კი 2.09 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის შედეგს 6 მილიონი ლარით აღემატებოდა (სექტორის კონსოლიდირებული წმინდა მოგება იქნებოდა უფრო მაღალი, რომ არა ვითიბის ზარალი, რაც 70 მლნ ლარს აღემატებოდა).
კონკრეტული წყაროების მიხედვით, ბანკების 7.5-მილიარდიანი შემოსავლები ასე გადანაწილდა: საპროცენტო შემოსავლები - 5.64 მილიარდი ლარი, მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან 2.93 მლრდ (ზრდა18%); იურიდიული პირების სესხებიდან 1.9 მილიარდი ლარი. საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან 597 მილიონი ლარი (ზრდა 24%);
არასაპროცენტო შემოსავლები - 1.86 მილიარდი ლარი, მათ შორის საკომისიოები 574 მლნ ლარი (ზრდა 24%); შემოსავლები ჯარიმებიდან 95 მლნ ლარი (ზრდა 27%).
შემოსავალი სავალუტო კონვერსიების ოპერაციებიდან - 886 მილიონი ლარი, ზრდა 294%.
ქართული ბანკების 4.97 მილიარდიანი ხარჯები ასე ნაწილდებოდა:
საპროცენტო ხარჯები - 2.77 მილიარდი ლარი, მათ შორის დეპოზიტებზე 1.52 მილიარდი ლარი (ზრდა 19%); ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე დარიცხული პროცენტი 968 მლნ ლარი (ზრდა 26%).
არასაპროცენტო ხარჯები - 1.86 მლრდ ლარი, მათ შორის აპარატის შენახვის ხარჯი 967 მლნ ლარი (ზრდა 21%); ინვენტარის ხარჯი 284 მლნ ლარი (ზრდა 12%); ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგებზე 335 მლნ ლარი.
მოგება დაბეგვრამდე - 2.53 მილიარდი ლარი (ზრდა 8%); მოგების გადასახადი 446 მლნ ლარი (ზრდა 75%); წმინდა მოგება 2.088 მილიარდი ლარი, ზრდა 6 მლნ ლარი.
დეტალური მონაცემებით თუ რა იყო უშუალოდ თითოეული ბანკის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
2023 წლიდან კომერციულ ბანკებს 20%-მდე გაზრდილი მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ.