2024 წელს კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთა ზრდის ტემპი თითქმის განახევრდა - გასული წლის მონაცემებზე დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა, ლაშა ნიკოლაძემ BMG-ს გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წელს კერძო დაზღვევით სულ 750 ათასი ადამიანი სარგებლობდა, საიდანაც ნახევარზე მეტს სახელმწიფო აზღვევს.
"ჩვენ ქვეყანაში სადაზღვევო სერვისი, თავისი სიჩქარით და ელექტრონული შესაძლებლობით, გაცილებით უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენ მეზობელ და, ხანდახან, ევროპის ქვეყნებშიც კი. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოსტკოვიდური პერიოდი მალე დაიძლია საქართველოში და ზრდის ის ტემპი, რომელიც პანდემიამ შეანელა და მოგების პარამეტრები პრაქტიკულად გაანულა, ახლა უკვე ჩავლილია. მიუხედავად სადაზღვევო ინფლაციისა და 13-15%-ით გაძვირებისა, დაზღვეულთა რაოდენობა იზრდება.
2024 წელს უფრო ნაკლები ადამიანით გაიზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორი, ვიდრე წინა წლებში, ზრდის ტემპი განახევრებულია. კერძო სამედიცინო პოლისის მქონე 750 ათასს ადამიანში, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის ჭრილში, დაახლოებით 400 ათასი საბიუჯეტო სახსრებით, ანუ ტენდერებითაა დაზღვეული. ანუ, საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის მიუხედავად, რომელიც ასევე წმინდად საბიუჯეტო ხარჯია, კერძო დაზღვევაშიც ნახევარზე მეტი უწყებრივი ბიუჯეტითაა დაზღვეული", - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტენდერებით შესყიდული კერძო დაზღვევა არა მხოლოდ საყოველთაო სერვისებს, არამედ მაღალ ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ სერვისებსაც მოიცავს.
ნიკოლაძემ BMG-სთან ე.წ. დაშენებული პაკეტების საჭიროებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კერძო დაზღვევამ და საყოველთაო ჯანდაცვამ ბენეფიციარები უნდა გაიყონ და, თუ ამისთვის შესაბამისი კანონმდებლობა შემუშავდება, კერძო კომპანია სახელმწიფოსთან კონკურენციაში აღარ შევა.
"მოვიდა დრო, რომ კერძო დაზღვევამ და საყოველთაო ჯანდაცვამ გაიყონ ბენეფიციარები. ყველა ადამიანი, რომელიც არ არის მიზნობრივ ჯგუფში და არის დასაქმებული მოექცევიან მინიმალური კერძო დაზღვევის ქვეშ, რომელიც იმ სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს, რასაც სახელმწიფო მინიმალურ ზღვრად დააწესებს. თუ შემოვა დამსაქმებლის სავალდებულო დაზღვევა, კანონის დონზე, აღნიშნული განმარტავს ყველასთვის მინიმალური პაკეტის მოცულობას და აღარ იქნება მსჯელობა, რომ კერძო კომპანია საყოველთაო ჯანდაცვასთანაა კონკურენციაში.
შედეგად, გამოთავისუფლდება დასაქმებულთა ხარჯები, რომელსაც დღეს სახელმწიფო იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა მიზნობრივ ჯგუფებს კიდევ უფრო უკეთ მოახმარს. დანარჩენ ნაწილში უკვე "დაშენების" ტერმინოლოგიაც" გაქრება, დასაქმებულები კერძო დაზღვევით დაეზღვევიან და მიზნობრივ ჯგუფებს შეეძლებათ, წმინდა დაზღვევა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, კერძო დაზღვევა მზადაა და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
ცნობისთვის, კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წლების წინაც არსებობდა, თუმცა “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა, რაც მაშინ მიზნად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა. ამასთან, დღეს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აზღვევს, კერძო სამედიცინო დაზღვევით კი მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს.