კონკურენციის სააგენტომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. აღნიშნული მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის“ მომართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე რედაქტ2-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ კონკურენციის სააგენტომ ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან სერიოზულად იმუშავა. ასევე გამოიკითხა რამდენიმე სადაზღვევო კომპანია.
„ციფრები თავის თავზე მეტყველებენ. სადაზღვევო კომპანიებიც, რომლებიც არ არიან ჩვენი წევრები, აცხადებენ, რომ მთელი მოგება, რომელიც სადაზღვევო სექტორში გენერირდება, პრაქტიკულად მხოლოდ საბანკო პროდუქტების ირგვლივ არსებული დაზღვევის შედეგია. ჯანმრთელობის დაზღვევა დაბალმომგებიანია, პრაქტიკულად მას მოგება არ მოაქვს და კომპანიების ნაწილშიც ზარალიანია, რადგან მაღალი კონკურენციაა და გადახდისუნარიანობა ძალიან დაბალია ქვეყანაში. ქონების ნაწილი პრაქტიკულად ბანკების ნაწილშია, რადგან ქონებასაც სამწუხაროდ აზღვევენ მაშინ, როცა მოთხოვნაა და ეს მოთხოვნა ძირითადად ბანკებიდან მოდის.
ავტომობილების დაზღვევაშიც ღია ბაზარია, მაგრამ ლიზინგები და ავტოსესხები მიბმულია ბანკებზე და მათაც დომინანტური მდგომარეობა აქვს, და ე.წ კრედიტლაიფი, რომელიც სიცოცხლის დაზღვევის ნაირსახეობაა,მიბმულია სესხებზე. კი ბანკებს აქვთ სამ-სამი შეთავაზება, მაგრამ ამის უკან მაინც შედეგად ვიღებთ იმას, რაზეც ეროვნულმა ბანკმა დაწერა, რომ [ბანკების] ზეგავლენა მნიშვნელოვნად დიდია. სწორედ ამ პროდუქტებს აქვთ დაგენერირებული მოგება ქართულ ბაზარზე“,-აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საქმეზე, ნიკოლაძე ამბობს:
„ზედამხედველის პოზიცია არის ცალსახა. სიტყვიერად რომ არაფერს ამბობდნენ, მათი გამოქვეყნებული ციფრები მეტყველებენ ამაზე. მაგალითად, ე.წ კრედიტლაიფის ნაწილში 3-4 სადაზღვევო კომპანიაა, რომელთა უკან შეიძლება მოვიაზროთ საბანკო ინსტიტუციები. ისინი ფლობენ ამ დაზღვევის 80%-ზე მეტს“.
ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოსგან ბაზრის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას, წლის ბოლომდე ელოდებიან.
კონკურენციის სააგენტოში კი bm.ge-ს განუმარტეს, რომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს საზოგადოებას მომავალ კვირაში წარუდგენენ.