2022 წლის 1 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების დაფინანსებას სახელმწიფო DRG-ის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით ახდენს. დაფინანსების სისტემის შეცვლა არ შეხებია სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის კონტრაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სერვისების ყველაზე დიდი შემსყიდველი სახელმწიფოს შემდეგ სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიები არიან.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ლაშა ნიკოლაძე თვლის, რომ თუ სადაზღვევო კომპანიებიც DRG-ით გადაიხდიან, შეიძლება კერძო დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
„DRG ახალი პროდუქტია, მასაც სტატისტიკური დათვლა სჭირდება. თუ ეს აღმოჩნდება ხელსაყრელი სადაზღვევო კომპანიებისთვის და გადახდების ნაწილში სადაზღვევო ინდუსტრია გადაჯდება იმ კალათაში, რაშიც საყოველთაო ჯანდაცვა ზის, შეიძლება ბევრი კერძო დაზღვევის ფასი უფრო ხელმისაწვდომი ან უფრო ფართო გახდეს იგივე ფასში. ეს იმის ხარჯზე, რომ DRG-ით გადაიხადოს კერძო სადაზღვევო კომპანიებმაც.
მაგალითად, ჩვეულებრივი ბრმანაწლავის ოპერაცია რა ღირს DRG-ით და რა ღირს კერძო სადაზღვევო კომპანიებში. რატომ არის განსხვავება ხო? ერთი და იგივე პროდუქტია. თუ VIP სერვისებზე ვსაუბრობთ, გასაგებია, მაგრამ თუ რიგით ორდინარულ პალატაზე ვსაუბრობთ, რატომ უნდა იყოს განსხვავება? ერთი ფასი უნდა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს კერძო დაზღვევით შემოვიდა პაციენტი, თუ საყოველთაოთი? მას კლინიკამ ერთი და იგივე სერვისი შესთავაზა.
კლინიკების პოზიციაც გასაგებია, მათ უნდა დაიბალანსონ და დაგეგმვადი გახადონ მათი მომავალი. მათ უნდათ DRG-ში, დაფინანსების ძირითად ნაწილში სწორად შეძლონ ორიენტირება და ხარჯების გადანაწილება. სხვა შემთხვევაში შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ახლა შეიძლება კერძო დაზღვევით შემოსული პაციენტი მათი გადარჩენის რგოლი იყოს. არ გამოვრიცხავ ამასაც“,-აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში ლაშა ნიკოლაძე.