მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო-სადაზღვევო კომპანიებს ძალიან მაღალი წილი აქვთ, რაც რეაგირებას საჭიროებს - რას ითხოვს დაზღვევის კავშირი

ლაშა ნიკოლაძე

სადაზღვევო კომპანიების ნაწილში ეროვნული ბანკისგან და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურისგან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების აღსრულებას ითხოვენ.

როგორც BMG-ის დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა განუცხადა, ბანკების მონაწილეობა სადაზღვევო ბაზარზე კვლავ ზღუდავს კონკურენტულ გარემოს და ამიტომ გარკვეული რეგულაციების მიღება აუცილებელია.

ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, ამის დასტურია ის გარემოება, რომ ბანკების მფლობელობაში არსებული ანდაც მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების წილი სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტის მიმართ ძალიან მაღალია, რაც ბაზრის სხვა მოთამაშეებს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.

მისი თქმით, მარეგულირებლებმა უნდა განიხილონ ისეთი რეგულაციები როგორიცაა მაგალითად, ბანკებთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიებისთვის გარკვეული პროდუქტების მიმართ შეზღუდვების დაწესება, ასევე უფრო რადიკალური ნაბიჯები, როგორიცაა ბანკებისთვის სადაზვევო აქტივების ფლობის საერთოდ შეზღუდვა.

“უკვე არაერთი წელია ვამბობთ, რომ ძალიან მაღალი კონცენტრაციაა საბანკო პროდუქტების გაყიდვის დროს ე.წ. საბანკო-სადაზღვევო კომპანიების მიერ ბაზრის წილის ფლობის ნაწილში. 2022 წელს დაზღვევის კავშირმა კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ და ერთი წლის წინ უწყებამ 6 რეკომენდაცია დადო როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის. თუმცა ამ დრომდე ჩვენთვის რაიმე ხელშესახები შედეგი ამ მიმართულებით უცნობია.

შედეგების მიხედვით, კონკურენცია და კონცენტრაცია ამ ბაზარზე არ შეცვლილა, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა. თუ იყო 18 კომპანია და გარკვეული რაოდენობა საბანკო კომპანიებისა, ახლა 19 კომპანიაა და ერთით მეტი საბანკო-სადაზღვევო კომპანია. ასე რომ ეს მიმართულება კვლავ ღიაა, ის რეკომენდაციები, რაც კონკურენციის სააგენტომ ერთი წლის წინ დადო, განსახილველია.

მაგალითად, ე.წ. სიცოცხლის დაზღვევა მოიცავს საბანკო-საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევას, რომლის თითქმის 90% საბანკო-სადაზღვევო კომპანიებს უჭირავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში კონკურენციის კანონი დარღვეულია და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. შეიძლება ეს ხელოვნური ბარიერი იყოს და როდესაც ეს კომპანიები ბაზრის წილის რაღაც პროცენტამდე მივლენ, შემდეგ ამ პროდუქტის გაყიდვა შეეზღუდოთ. ან უფრო მკაცრი რეგულაციები, მთლიანად შეეზღუდოთ ბანკებს სადაზღვევო კომპანიების დაფუძნება, პირდაპირ თუ კორპორაციულად”, - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, დაზღვევის კავშირის მიმართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ საბანკო დაზღვევის - კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი 2022 წელს დაიწყო. სააგენტომ მონიტორინგი 2023 წლის ნოემბერში დაასრულა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად 6 რეკომენდაცია გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები