დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურსა და ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სადაზღვევო ბაზართან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების აღსრულებაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.
საქმე ისაა, რომ კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით ექვსი რეკომენდაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გასცა. უწყება აღნიშნავდა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ბანკებსა და სადაზღვევოებს შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებული შემთხვევები, რათა გამოირიცხოს მისი შესაძლო ნეგატიური გავლენა კონკურენტულ გარემოზე.
როგორც BMG-ის კითხვის საპასუხოდ, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რეგულაცია, რომელიც ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის სამი სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებას გულისხმობს, შესაძლოა, ბოლომდე არ მუშაობდეს. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან ერთად ამ დრომდე მიდის მსჯელობა, ხომ არ საჭიროებს ეს რეგულაცია გაფართოებას.
„სადაზღვევო კომპანიების ნაწილის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ბანკებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მათთან აფილირებული კომპანიის პროდუქტი არ შეეთავაზებინათ. ამიტომ რეგულაცია მივიღეთ, რომ ბანკებისთვის უკვე სავალდებულოა, კიდევ ორი სადაზღვევო კომპანიის ალტერნატივა შესთავაზონ მომხმარებელს. შესაძლოა, ეს წესი პრაქტიკაში ბოლომდე არ მოქმედებს, იყო საუბარი, რომ ეს ბოლომდე ასე არ ხდება. მომხმარებელი არ ჩივის, თუმცა სტატისტიკურად ჩანს, რომ ამ ორგანიზაციებიდან უფრო მეტია დაზღვეული.
ეროვნულ ბანკთან ჩვენ კონსულტაციებს ვაგრძელებთ, უფრო მოქნილი რომ იყოს ეს რეგულაციები. როდესაც კლიენტი და ბანკის წარმომადგენლები საუბრობენ, ჩვენ იმ მომენტში იქ არ ვართ და იმ მომენტში რამე გადაცდომა თუ ხდება, ეს ვერ ფიქსირდება. ამიტომ ისეთი რეგულაცია გვინდა, რომ ეს მომენტი გამოირიცხოს. ვცდილობთ, ისეთი ცვლილება შევიტანოთ ამ რეგულაციაში, რომ რაღაც დაზუსტდეს“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ეროვნულ ბანკში კი მიაჩნიათ, რომ შესაბამისმა რეგულაციამ გარკვეულწილად თავისი მიზანი შეასრულა. როგორც BMG-ის სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, რა ფორმით მოხდება მათი გათვალისწინება.
„ამ რეგულაციამ გარკვეულწილად იმუშავა, თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, თუ კომერციული ბანკი ძირითადად რომელიმე ერთ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობდა, ეს თანამშრომლობა გაფართოვდა, სხვა კომპანიებიც ჩაერთნენ. შესაბამისად, მომხმარებელს უფრო მეტი ალტერნატივა აქვს. კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ეს ბაზარი და გარკვეული რეკომენდაციები დადო, რომელიც ეხება როგორც მომხმარებლის არჩევანს, ასევე კონკურენციის ნაწილს და ამ რეკომენდაციებს სიღრმისეულად ვსწავლობთ. თანამშრომლობა გვაქვს უშუალოდ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან და მას შემდეგ, რაც ამ რეკომენდაციებზე მუშაობა დასრულდება, შესაბამის შედეგებს საზოგადოებასაც და, რა თქმა უნდა, სექტორსაც გავაცნობთ“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ საბანკო დაზღვევის - კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი 2023 წლის ნოემბერში დაასრულა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად 6 რეკომენდაცია გასცა.