სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ იწყებს განაცხადების მიღებას პროგრამაში – „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა“. განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება პროგრამის ბიუჯეტის – 5 მილიონი ლარის ამოწურვამდე.
პროგრამა 2023 წელს ამოქმედდა და სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს თანადაფინანსება 114 ბიზნესიდეას გადაეცა, ჯამურად 9 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით.
პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარსა და არაუმეტეს 100 000 ლარს, თუმცა თანხა არ უნდა აღემატებოდეს წარმოდგენილი პროექტის ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსება გათვალისწინებულია ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.
პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს განაცხადის წარდგენის მომენტისთვის.
სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებით, დაფინანსება შეეხება როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ისე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობას — მათ შორის, შემნახველ და გადამმუშავებელ საწარმოებს, მარნებს, მცირე საოჯახო სასტუმროებს, კვების ობიექტებს და სხვა ბიზნესიდეებს, პროგრამის დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში.
პროგრამის მიზანია, მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – www.rda.gov.ge.




























