აგრარულ საკითხთა კომიტეტის გამართულ სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ შეღავათიან აგროკრედიტზე და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების
თანადაფინანსების პროექტზე ისაუბრა, მისი თქმით, ორივე პროექტში მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
"შეღავათიანი აგროკრედი ჩვენი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს მოიცავს. თითქმის ყველა ფერმერი, რომელიც აგრობიზნესით არის დაკავებული, იყენებენ ამ შესაძლებლობას, ეს პროგრამა 10 წლის წინ დაიწყო და მოთხოვნა ყოველწლიურად უფრო მზარდია. 2023 წლის ბიუჯეტი 200 მლნ. ლარია, აქედან, ოქტომბრის მდგომარეობით 171 მლნ. გახარჯულია, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს თანხა სრულად იქნება ათვისებული. რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებულია 835 მლნ. ლარი, საბანკო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული მთლიანი სესხის პორტფელი კი 5,6 მლრდ. ლარს შეადგენს. ამასთან, წლევანდელი მონაცემებით, გაცემული თანხა 529 მლნ ლარია, ოქტომბრის მონაცემებით პროცენტის თანადაფინანსება კი 116 მლნ. ლარია", - განმარტა სააგენტოს დირექტორმა.
გარდა ამისა, დავით წითლიძემ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტის 56% ათვისებულია.
“100-მდე გადამმუშავებელი საწარმოა დაფინანსებული, აქედან ნახევარზე მეტი უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ფუნქციონირებს. ჩვენ ნახევარი მილიონი ლარის თანადაფინანსება გვაქვს და ამ პროგრამაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, წელსაც 100-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, საიდანაც გარკვეული კრიტერიუმებით მოხდება საწარმოების შერჩევა. რაც ეხება შემნახველ ინფრასტრუქტურის დაფინანსებას - აქ ძირითადად საუბარია სამაცივრე მეურნეობებზე და საშრობებზე - ჯამურად 130 მლნ. ლარის ინვესტიციაა შემნახველ ინფრასტრუქტურაში, საიდანაც 45 მილიონი სააგენტოს დაფინანსებაა", - ამბობს ის.
ამასთან, სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შემნახველ საწარმოებზე საგრანტო დაფინანსება შემცირდა.
"წელს შემნახველ საწარმოებზე 350 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსებაა, ეს თანხა აქამდე 500 ათასი ლარი იყო, თუმცა ეს რიცხვი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. მიუხედავად საგრანტო დაფინანსების შემცირებისა, წელს მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და ბევრი განაცხადი შემოგვივიდა", - დასძინა მან